საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბრატისლავის „სლოვანთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდმა მეტოქეს პრაქტიკულად ვერ გაუწია წინააღმდეგობა, კლასი და გამოცდილება სტუმართა მხრიდან უფრო მაღალი იყო.
თუმცა, საქართველოს ჩემპიონმა თამაში აქტიურად დაიწყო და ვახო ბედოშვილმა სწრაფად გაიტანა. მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და VAR-მა გოლი გააუქმა. აი, შემდეგ კი, სლოვაკების უპირატესობა გამოიკვეთა. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა, როცა ანდრაჟ შპორარმა სტანდარტის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა.
გავიდა 7 წუთი და იაია ტურეს გუნდის უპირატესობა გაიზარდა. ალასანა ირაიანგმა ვარდნაში დიდებულად დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა - 0:2. ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ „სლოვანმა“ ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი, რაც გამოუვიდა.
„იბერია“ იბრძოდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსვლია. 63-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ გაიტანა, თუმცა, ისევ ოფსაიდი დაფიქსირდა და გოლი კვლავ გაუქმდა. დემჩენკოს გუნდისთვის ეს მაქსიმუმი იყო.
„იბერია“ 0:2 დამარცხდა და 29 ივლისს, ბრატისლავაში, სასწაული თუ არ მოხდება, საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობება, მაგრამ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
ამ წყვილში მოგებული მომდევნო ეტაპზე შვედურ „მიალბის“ ან გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსს“ შეხვდება, დიდი ალბათობით, „მიალბის“, რომელმაც პირველი შეხვედრა 3:0 მოიგო. წაგებული კი, ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც „ცვრვენა ზვეზდასა“ და „ლარნეს“ შორის წაგებულთან მოუწევს დაპირისპირება.
„იბერია“ – „სლოვანი“ 0:2 (0:2)
თბილისი, „მიხეილ მესხი“
„იბერია“ (4-3-3): მაკარიძე; ქობულაძე (ალჰასანი 85), სელიმოვიჩი (ბოჭორიშვილი 76), ამისულაშვილი, ჯინჯოლავა; დადიანი, ბართიშვილი (კუცია 67), ქარდავა; ბედოშვილი (კაფე 76), სიხარულაშვილი (ენდე 85), ნაჭყებია
მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო
„სლოვანი“ (3-5-2): ტაკაჩი; ბაირიჩი, ვიმერი, კრუსი; მედვედევი, მუსტაფიჩი (გაიდოსი 56), პოკორნო, იბრაჰიმი (მაცუკა 80), მაროში (ზუბერუ 80); შპორარი (კახარევიჩი 65), ირაიანგი (ბლექმენი 65)
მწვრთნელი: იაია ტურე
გოლები: 0:1 შპორარი (25), 0:2 ირაიანგი (32)





