საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს დონეცკის „შახტარს“ დატოვებს.
„კოპენჰაგენსა“ და „ჰამბურგში“ იჯარით გატარებული ორი წლის შემდეგ, ის უკრაინულ კლუბს დაუბრუნდა, მაგრამ „შახტარის“ გეგმებში გიორგი კვლავ არ შედის. როგორც ცნობილი ჟურნალისტი რუდი გალეტი იტყობინება, ქართველით ათენის „პანათინაიკოსი“ ინტერესდება.
ბერძნულმა გუნდმა ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, გარდა იმისა, რომ გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია სხვა კლუბებმაც მოითხოვეს და ტრანსფერს განიხილავენ.
გიორგი გოჩოლეიშვილმა გასულ სეზონში „ჰამბურგში“ 27 მატჩი ჩაატარა. მანამდე „კოპენჰაგენში“ იაკობ ნეესტრუპის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც ახლა სწორედ „პანათინაიკოსის“ მწვრთნელია.







