"დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილნიუსის "ჟალგირისთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ქართველმა მწვრთნელმა თამაში დეტალურად შეაფასა:
„უკმაყოფილების უფლება არ მაქვს. კარგად ვითამაშეთ და შედეგიც მივიღეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. ჯერ თამაში არ დამთავრებულა, ველოდებით მეორე მატჩს. მანამდე თასის თამაშიც გვაქვს და გვექნება შესაძლებლობა, რომ სხვა ბიჭებიც ვნახოთ საქმეში. ეს არ ნიშნავს, რომ თასის თამაშს სერიოზულად არ ვუდგებით. შეიძლებოდა, ეს მატჩი სხვა დროს გვეთამაშა, მაგრამ ასეთია გადაწყვეტილება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ბიჭებს, კარგი შედეგია, მაგრამ დასრულებული არაფერია. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც დღეს მოვიდნენ და გუნდს გვერდში დაუდგნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა კი მათ მადლობა 3 გოლით და გამარჯვებით გადაუხადეს. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩზე კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, რადგან მათ გარეშე თამაშს აზრი არ აქვს.
დღეს მოედანზე მარტო აგრესია არ იყო, კარგი ფეხბურთიც იყო. პირველ ტაიმში სამ გოლს რომ გაიტან, არც ისე ადვილია მეორე ტაიმშიც იგივე გააკეთო. ვეცადეთ, ასე გაგვერძელებინა. გატანა მეორე ტაიმშიც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ. სამაგიეროდ, კარგია, რომ არ გავუშვით.
ხელოვნურ მოედანზე ვითამაშებთ, რასაც უნდა მოვერგოთ.
თორნიკე კვარაცხელიას თამაშით კმაყოფილი ვარ, პირველივე დღიდან გვაჩვენებს, რომ შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში. 16 წლისაა, მთელი ცხოვრება წინ აქვს, დიდი მომავალი ელოდება. კარგია, შრომა რომ უყვარს. ჯერ არ არის მზად, რომ 90 წუთი ითამაშოს. დღეს ბევრჯერ წააქციეს, მაგრამ ეს ფეხბურთია, ბავშვთა ფეხბურთი არ არის, პროფესიონალური დონეა. ყველაფერი აქვს, ხვიჩაზე ნაკლებიც არ არის და იმედია, ამ იმედებს გაამართლებს.
ვილნიუსში საფარი ხელოვნურია, მაგრამ მაღალი დონის. ვიცით, რომ „ჟალგირისი“ სახლში სულ სხვა გუნდია. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, თამაში დამთავრებული არ არის და იმედია, იქ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, ლიეტუვაში გაიმართება. მესამე ეტაპზე ამ წყვილში მოგებული სპლიტის "ჰაიდუკს" ან კვიპროსულ "პაფოსს" შეხვდება - ისინი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდებიან და დამარცხებული იქნება "დინამოს" ან "ჟალგირისის" მეტოქე.





