გერმანიის ნაკრებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იურგენ კლოპი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომლის შემდგომაც გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ძალიან ცოტაა ისეთი რამ, რაც ჩვენ, გერმანელებს, ისე გვაერთიანებს, როგორც ეროვნული ნაკრები. სწორედ ეს ხდის ამ თანამდებობას ჩემთვის განსაკუთრებულს.
მოუთმენლად ველი, რომ გერმანულ ფეხბურთში ეს განსაკუთრებული როლი შევითავსო. ამ გამოწვევას შევხვდებით თავმდაბლობითა და მოთმინებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ გუნდი, რომელიც ერთმანეთისთვის იბრძოლებს, სიამოვნებას მიიღებს ფეხბურთის თამაშით და რომელსაც მთელი ქვეყანა სრული გულით დაუჭერს მხარს.
გერმანიის გაწვრთნას დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ვნახე, თუ როგორ მოექეცით ტომას ტუხელსა და ნაგელსმანს. ამ საქმეს თქვენთვის, გულშემატკივრებისთვის ვაკეთებ და არა ჩემთვის.
იმ დღეს, როცა აღარ მომინდება, წავალ - ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. თუ ხვალ ვინმე იტყვის, რომ მე ნაგავი ვარ, წავალ. უბრალოდ ამას ერთი და ორი ადამიანი არ უნდა ამბობდეს, ეს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მითხრას.
თუ ჩემს ოჯახს არ მისცემთ მშვიდად ცხოვრების საშუალებას, მაშინაც წავალ. გამაკრიტიკეთ, როცა საქმე ფეხბურთს ეხება, ეს ჩემი სამუშაოა, მაგრამ ჩემი ოჯახი ხელშეუხებელია", - განაცხადა კლოპმა.
იურგენ კლოპმა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბუნდესნაკრებს", როგორც მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.





