ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა „ხეტაფეში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას A Bola ავრცელებს.
ცნობილი გამოცემის ცნობით, „ხეტაფე“ ძლიერი ვარიანტია და მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. ესპანურ გუნდს გიორგის დამატება იჯარით და 2027 წელს, გამოსყიდვის უფლებით სურს.
„სპორტინგის“ სურვილი ქოჩორაშვილის ახლავე გაყიდვაა, მაგრამ მადრიდულ გუნდს ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემები აქვს, რის გამოც იჯარაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დიდი შანსია, გარიგება მალე დაიხუროს.
გიორგის „სელტასაც“ უკავშირებენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვიგოელებს ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ქართველი „სპორტინგის“ გეგმებში არ შედიოდა, ფეხბურთელის მთავარი მიზანი სწორედ ესპანეთში დაბრუნებაა, სადაც მას პრაქტიკულად მთელი კარიერა აქვს გატარებული.
„ხეტაფეს“ ხოსე ბორდალასი წვრთნის, კაცი, რომელმაც 2021 წელს „ვალენსიაში“ ნდობა გიორგი მამარდაშვილს გამოუცხადა. მადრიდული გუნდი ახალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ შარშან 5.5 მილიონ ევროდ შეუერთდა და 26 მატჩში 2 საგოლე პასით გამოირჩა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 900 წუთის განმავლობაში იყო. მას კარიერის საუკეთესო პერიოდი „ლევანტეს“ რიგებში აქვს გატარებული. გიორგი საქართველოს ნაკრების წევრი 2023 წლიდანაა, რომლის მაისურით დღემდე 24 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.





