ლიმასოლის „აპოლონთან" კონფერენს ლიგაზე საპასუხო მატჩის წინ გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა დიამანტის ვავალისმა კომენტარი გააკეთა:
„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია და სათასო მატჩის შემდეგ გარკვეული დაღლილობაც გვეტყობა, დარწმუნებული ვარ და ბიჭებიც აცნობიერებენ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია.
ვეცდებით მოედანზე მაქსიმალურად მომზადებულები და ენერგიულები გავიდეთ. ხუთ დღეში სამი მატჩის ჩატარება მარტივი არ არის, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა შეხვედრაში დიდი დრო ათი ფეხბურთელით მოგვიწია თამაში. თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გუნდისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ.
გუნდში კარგი განწყობაა. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვიმუშავეთ იმ შეცდომებზე, რომლებიც წინა შეხვედრაში დავუშვით. რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელი ბევრი გვაქვს.
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვალ კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ და ამით არა მხოლოდ ჩვენს გუნდს, არამედ საქართველოსაც დავეხმაროთ ქვეყნის საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებით“, - თქვა ვავალისმა.
შეგახსენებთ, რომ „აპოლონისა“ და „დილას“ მატჩი 28 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. "დილას" პირველი შეხვედრა შინ 0:4 აქვს წაგებული.





