იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი გახდა. ეს ინფორმაცია ფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ მედიას უკვე დაუდასტურა.
„რობერტო მანჩინი იქნება ახალი მწვრთნელი“, - თქვა მალაგომ და მოგვიანებით ინფორმაცია ფედერაციამ განცხადებითაც დაადასტურა. კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა და წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს.
ასე რომ, სამწლიანი პაუზის შემდეგ მანჩინი „სკუადრა აძურაში“ დაბრუნდა. ის გუნდს 2018-2023 წლებში ედგა სათავეში, სანამ 2023 წლის ზაფხულში გადადგებოდა და საუდის არაბეთის ნაკრებში წავიდოდა, სადაც გაცილებით მაღალი ხელფასი შესთავაზეს...
მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიამ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო და იმავე წელს, ერთა ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა. 2018-2021 წლებში მანჩინის „აძურის“ 37-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რაც მსოფლიო რეკორდი იყო, რომელიც ახლახან ესპანეთის ნაკრებმა გააუმჯობესა. თუმცა, შემდეგ იტალია 2022 წლის მუნდიალზე ვერ გავიდა, აგრეთვე მანჩინის პერიოდში.
მოგეხსენებათ, მანამდე, გადაწყვეტილი იყო ანდრეა პირლოს დანიშვნა, მაგრამ რუსულ ბრენდებთან კავშირის გამო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პირლოს ვარიანტი დაბლოკა, რასაც იტალიის ნაკრების ტექნიკური დირექტორის, პაოლო მალდინის და მრჩევლის, ლეონარდოს გადადგომა მოჰყვა - სწორედ ისინი იყვნენ პირლოს კანდიდატურის მხარდამჭერები. მალდინი-ლეონარდოს დუეტმა იტალიის ნაკრებში სულ რაღაც 17 დღე იმუშავა...
პაოლო მალდინის იტალიის ნაკრებში კლაუდიო რანიერი შეცვლის. სწორედ ის იქნება, ახალი ტექნიკური დირექტორი. ამ პოსტზე მანამდე ჯორჯო კიელინის ვარიანტიც განიხილეს, მაგრამ მან მედიას უთხრა: „იუვენტუსში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მინდა კლუბს დავეხმარო“. ასე რომ, ახლა, მალდინი-პირლოს დუეტის ნაცვლად, იტალიის ნაკრებს რანიერი-მანჩინის დუეტი გაუძღვება. იტალიური მედია ასევე წერს, რომ ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელად გაბრიელე ორიალი დაბრუნდება. ამ პოსტზე ფედერაციის კანდიდატი ჯანლუიჯი ბუფონი იყო, რომელმაც შეთავაზება უარით გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ოთხი თვე უმწვრთნელოდ იყო. მანჩინი გუნდს ერთა ლიგისთვის მოამზადებს, სადაც „აძური“ საფრანგეთს, თურქეთს და ბელგიას შეხვდება.
რობერტო მანჩინის „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „გალათასარაიში“, „ზენიტში“, იტალიის ნაკრებში, საუდის არაბეთის ნაკრებსა და „ალ-სადში“ უმუშავია.





