ფეხბურთი

20:03 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჟალგირისის" მწვრთნელი: "როცა თორნიკე კვარაცხელიას ბურთი აქვს, ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს"
"მიზანი ერთი გოლის გატანაა, რამაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს"

ვილნიუსის „ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრიუს სკერლამ კონფერენს ლიგაზე „დინამო თბილისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან ისაუბრა, როგორც რთული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაზე, ასევე, თორნიკე კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე და მისი შეჩერების გზებზე:

„პირველი მატჩით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მეორე მატჩი გველოდება. შედეგი რთულია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კარგი მატჩის ჩასატარებლად. პირველ რიგში, არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, თუ როგორ გავიტანოთ სამი გოლი. დასაწყისში უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავიტანოთ ერთი. გოლი ცვლის მატჩს. რაც შეიძლება ადრე რომ მოვახერხოთ გოლის გატანა, მეტი დრო გვექნება სხვა გოლების გასატანად. შესაძლოა, ჩვენმა მეტოქემ იფიქროს, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ - როგორ დავსაჯოთ ისინი და აქ დისკომფორტი შევუქმნათ.

პირველ მატჩში ძალიან ცუდი და იმედგაცრუების მომგვრელი გოლები გავუშვით. ჩვენი მოწინააღმდეგე პოზიციური შეტევებით ვერ გვჯობნიდა. ბურთს დროულად ვერ ვიგერიებდით და მეტოქემ ამით ისარგებლა. ასეთ მატჩში ასეთი სამი გოლის გაშვება არ შეიძლება.

თორნიკე კვარაცხელია? ყოველთვის, როცა მას ბურთი აქვს, საფრთხე არსებობს. ამ საკითხს მივხედავთ, ალბათ ცოტა განსხვავებულად მოგვიწევს დაცვა. თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვინც საშიშია - მის გარშემო ინდივიდუალურად ძლიერი და სწრაფი მოთამაშეები არიან, რომლებიც ძალიან საშიშები არიან კონტრშეტევებზე“, - თქვა სკერლამ.

პრესკონფერენციაზე ისაუბრა „ჟალგირისის“ კაპიტანმა ოვიდიუს ვერბიკასმა, რომელსაც ასევე სჯერა ქამბექის და მომდევნო ეტაპზე გასვლის:

„ძალიან მტკივნეული მარცხი იყო სტუმრად, მაგრამ გუნდს საკუთარი გამოცდილებიდან ვუთხარი, რომ არასდროს უნდა დავნებდეთ. ახლა სახლში, საკუთარ კედლებთან ვითამაშებთ და დიდი მხარდაჭერა გვექნება.

„ჰეგელმანთან“ ბოლო მატჩმა აჩვენა, რომ არ უნდა დავნებდეთ. ვფიქრობ, გუნდს სჯეროდა, რომ ნამდვილად შეგვეძლო რთული სიტუაციიდან გამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახლში საჭირო შედეგს მივაღწიოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვიცით, რომ უკან დასახევი გზა არსად გვაქვს, ვიცით, როგორ უნდა დავიწყოთ მატჩი.

ყველა ფიქრობს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გოლის გატანა პირველ 15-20 წუთში. შემდეგ მთელი თამაში შეიძლება შეიცვალოს. ეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოგვცემს და საშუალებას მოგვცემს სრულად დავუბრუნდეთ ბრძოლას“, - თქვა ვერბიკასმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ პირველი მატჩი 3:0 მოიგო, საპასუხო შეხვედრა კი 30 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.151733