გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „ხეტაფეში“ გააგრძელებს. როგორც ჩანს, ყველაფერი გადაწყდა - ფეხბურთელის ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.
ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ქოჩორაშვილის ტრანსფერის შესახებ წერს:
“ხეტაფემ“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაიმატა. ფეხბურთელი ლისაბონის „სპორტინგიდან“ ჩამოვიდა და უკვე ქალაქშია, სადაც ხუთშაბათს სტადიონი დაათვალიერა და თანაგუნდელებს შეხვდა.
ფეხბურთელი თავდაპირველად იჯარით, დაახლოებით 5 მილიონად გამოსყიდვის ოფციით შეუერთდება „ხეტაფეს“ და ამგვარად გააძლიერებს ნახევარდაცვას, ერთ-ერთ პოზიციას, რომელსაც ლუის მილას და მაურო არამბარის წასვლის შემდეგ ყველაზე მეტად სჭირდება გაძლიერება.
აქამდე ცენტრალური ნახევარმცველები მხოლოდ მარიო მარტინი, ხავი მუნიოსი და ნეიუ იყვნე , თუმცა ბორდალასი ამ უკანასკნელ ორზე, განსაკუთრებით კამერუნელზე, მომავალს არ უკავშირებს. კლუბი ქოჩორაშვილის ტრანსფერს უახლოეს საათებში გამოაცხადებს, რაც მას ბორდალასის გუნდის სრულუფლებიან წევრად აქცევს. ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ სარეზერვო გუნდში 2019/20 წლების სეზონში გადავიდა და მას შემდეგ „გრანოტასში“ ხუთი სეზონი ითამაშა, მათ შორის იჯარით „კასტელონში“. გასულ სეზონში, „სიუტატ დე ვალენსიას“ სტადიონზე კარგი თამაშის შემდეგ, მან „სპორტინგთან“ კონტრაქტი გააფორმა, სადაც 26 მატჩი ჩაატარა“, - წერს გამოცემა.
„ხეტაფე“ მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, გუნდს ხოსე ბორდალასი წვრთნის, რომლის სახელს უკავშირდება თავის დროზე „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის პროგრესი. გიორგი ქოჩორაშვილს საქართველოს ნაკრებში 24 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.





