ფეხბურთი

23:02 | 30.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტაიმში გაშვებული 6 გოლი და 3:0-ის შემდეგ 2:7 - "დინამოს" კატასტროფა

არ ვიცით, ამას რა შეიძლება დაერქვას, რა შეიძლება ეწოდოს: „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა, მიუხედავად იმისა, რომ ვილნიუსის „ჟალგირისთან“ შინ 3:0 ჰქონდა მოგებული.

თემურ ქეცბაიას გუნდმა თბილისში შესანიშნავად ითამაშა, პირველივე ტაიმში სამჯერ გაიტანა და მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა. თუმცა, ვილსნიუსში, ესოდენ დიდი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა!

ამასაც მოხერხება უნდოდა!

„ჟალგირისის“ წევრები არ მალავდნენ, რომ სწრაფი გოლის გატანას ეცდებოდნენ, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა, მაგრამ ლიეტუველებმა ეს ვერ შეძლეს და არც ჰქონია არანაირი გავლენა. „დინამოს“ მარცხი სხვა რაღაცებმა განაპირობა.

მეცხრე წუთზე ნიკოლა პეტკოვიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი კარს ააცილა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 25-ე წუთზე ლოგიკურად მიზანს მიაღწიეს - სტანისლავ ბილენკიმ გაიტანა, რომელიც „დინამო თბილისის“ ყოფილი ფეხბურთელია.

თუმცა, 15 წუთში ლეო სანტოსმა გაათანაბრა - 1:1. პირველი ტაიმი ასე დასრულდა, თითქოს, „დინამოს“ საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუმცა, როცა ქართულ კლუბთან გვაქვს საქმე, როგორც ჩანს, გამორიცხული არაფერია და არასდროს.

მეორე 45 წუთში ქეცბაიას გუნდმა 6(!!!) გოლი გაუშვა! ჯერ პეტკოვიჩმა გამოასწორა შეცდომა, მერე ბრაიან ტეიშეირამ შეაგდო და 3:1. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 72-ე წუთზე „დინამომ“ შეამცირა სხვაობა, მათე ვაწაძემ გაიტანა და 3:2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 5:3-ს იგებდა ქეცბაიას გუნდი, დროც ბევრი აღარ რჩებოდა.

და, მერე სრული კატასტროფა მოხდა. ორ წუთში პეტკოვიჩმა აღადგინა უპირატესობა, შემდეგ ბილენკიმ ისევ გაიტანა, მერე უკრაინელმა დუბლს საგოლე პასი დაუმატა და ნემანია მიხაილოვიჩმა 6:2 გახადა ანგარიში, ხოლო ბოლო ლურსმანი ისევ ბილენკიმ დააჭედა, რომელმაც ყოფილ გუნდთან 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი გააკეთა.

მოკლედ, 2:7 და ორი მატჩის ჯამში 5:7.... ძნელია, სიტყვების პოვნა, ეს აბსოლუტური კატასტროფა და კრახია.

2003 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამომ“ ალბანური „ტირანა“ შინ 3:0 დაამარცხა, მაგრამ მერე სტუმრად ამავე ანგარიშით წააგო, პენალტებშიც დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ახლაც, იგივე ვნახეთ, ოღონდ, ამჯერად მეტოქეს პენალტებიც არ დასჭირვებია...

ევროთასებზე საქართველოს მხოლოდ „იბერია“ შემორჩა, რომელიც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლარნის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„ჟალგირისი“ – „დინამო თბილისი“ 7:2 (1:1) - ორი მატჩის ჯამში - 7:5

გოლები: 1:0 ბილენკი (25), 1:1 ლეო ნასტოსი (40), 2:1 პეტკოვიჩი (59), 3:1 ტეიშეირა (61), 3:2 ვაწაძე (72), 4:2 პეტკოვიჩი (74), 5:2 ბილენკი (82), 6:2 მიხაილოვიჩი (88), 7:2 ბილენკი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154337