იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს მისი ყოფილი თანაგუნდელი პაულო მალდინი სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა და ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა.
"დღეს იმავე ემოციას ვგრძნობ, როგორც მაშინ, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო შენ ჩვენთან ერთად მოედანზე ვერ გამოდიოდი: როგორ გავუმკლავდებით ცხოვრებას ჩვენი კაპიტნის გარეშე?
შენ მასწავლე, როგორ ვითამაშო ბოლო ამოსუნთქვამდე, რას ნიშნავს მაისურისადმი ერთგულება და ნამდვილი ლიდერის ფასი. ამას ყოველდღე შენი მაგალითით აკეთებდი - ცოტა სიტყვა, მაგრამ უამრავი საქმე.
შენ მიცავდი, როგორც ბავშვს, მიმიძღოდი, როგორც ახალგაზრდა კაცს, და მაძლევდი შთაგონებას, როგორც ნამდვილ მამაკაცს. შენ იყავი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მქონდა პატივი მეთამაშა.
ვუსამძიმრებ შენს ოჯახს, განსაკუთრებით შენს მეუღლეს მაურას და შვილებს - ედოარდოსა და ჯანანდრეას. მომენატრები, კაპიტანო. მაგრამ შენი ვარსკვლავის ნათებაში მე ყოველთვის გავაგრძელებ შენთან ერთად სიარულს", - დაწერა მალდინიმ სოციალურ ქსელში.
ბარეზიმ მთელი პროფესიონალური კარიერა „მილანში“ გაატარა. 1977-1997 წლებში მან კლუბის მაისურით 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მოიგო ექვსი სკუდეტო, სამი ევროპის ჩემპიონთა თასი და მრავალი სხვა ტიტული. 15 წლის განმავლობაში ის გუნდის კაპიტანი იყო, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ მისი ლეგენდარული მე-6 ნომერი კლუბმა სამუდამოდ გააუქმა.
იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1994 წლის მუნდიალზე გუნდს კაპიტნობდა.
ბოლო წლებში ფრანკო ბარეზი „მილანის“ საპატიო ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2025 წელს მას ფილტვის კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მკურნალობის კურსს გადიოდა.





