გიორგი ქოჩორაშვილის მომავალი, როგორც ჩანს, ისევ გაურკვეველია. ცნობილი ჟურნალისტი რუდი გალეტი მის შესახებ ორგვარ ინფორმაციას ავრცელებს.
ჯერ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ხეტაფემ“ „სპორტინგთან“ ქოჩორაშვილის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწია და ქართველი მადრიდულ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდებოდა.
თუმცა, მანვე, რამდენიმე საათში კიდევ ერთი ინფორმაცია გამოაქვეყნა: „ხეტაფესთან“ არსებული სიტუაციის მიუხედავად, „სპორტინგი“ კვლავ „სევილიასა“ და „დეპორტივოს“ უსმენს, რომლებიც ცდილობენ ქოჩორაშვილის ტრანსფერის „მითვისებას“. ქართველი ყველა ვარიანტზე საუბრობს და მშვიდად ელოდება ესპანურ კლუბებთან მოლაპარაკებების პროცესს“.
სამივე გუნდი ლა ლიგის ბინადარია. მოკლედ, ახლა იმის თქმა შეიძლება, რომ გიორგი ესპანეთში დაბრუნდება, მაგრამ რომელ კლუბში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უცნობია.
აქვე ვთქვათ, რომ „ხეტაფეში“ საბა საზონოვი გადავა, ეს ტრანსფერი უკვე ნამდვილად გადაწყდა და მალე ოფიციალურად დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ გასულ ზაფხულს „ლევანტედან“ 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.





