ბოლოს და ბოლოს, პრობლემა მოგვარდა: „იბერია“ ჩრდილოეთ ირლანდიაში გაფრინდა. მართალია, ჯერ არასრული შემადგენლობით, მაგრამ მაინც.
საქართველოს ჩემპიონს თავიდან ბრიტანეთის ვიზის პრობლემა შეექმნა, შემდეგ ეს კი მოგვარდა, მაგრამ თვითმფრინავის მიღებაზე, რომლითაც გუნდი უნდა გაფრენილიყო, ბელფასტის აეროპორტმა უარი თქვა.
შედეგად, წარმოიშვა დიდი გაუგებრობა. საბოლოოდ, „იბერიას“ 16 ფეხბურთელი ჩარტერული რეისით გაფრინდა, ხოლო დანარჩენი ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბთან ერთად თამაშის დღეს გაფრინდებიან.
კარგია, რომ ეს ყველაფერი მოგვარდა, თორემ, „იბერია“ ტექნიკური წაგების საფრთხის წინაშე იდგა. კლუბმა უეფას მატჩის 24 საათით გადადების თხოვნით მიმართა, რაც ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა.
შეგახსენებთ, რომ „იბერია“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს, 23:00 საათზე, „ლარნის“ უნდა შეხვდეს.





