საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონი გიორგი აბუაშვილმა გოლით დაიწყო. „მეცმა“ „გენგამი“ სწორედ მისი გოლით 2:1 დაამარცხა.
„გენგამი“ მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ხოლო მე-60 წუთზე აბუაშვილმა დალაშქრა მეტოქის კარი და როგორც გაირკვა, გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა.
„მეცი“ მეორე ტურში 14 აგვისტოს, „გრენობლს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
სეზონი გამარჯვებით დაიწყო „სენტ ეტიენმა“, რომელმაც სტუმრად „სოშო“ 3:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა მხოლოდ 69-ე წუთიდან ითამაშა, რადგან ტრავმის გამო 90 წუთისთვის მზად არ იყო. მისმა გუნდმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანა. ზურიკოს შესაძლო წასვლაზე ბევრს წერენ, მაგრამ ჯერჯერობით, მან სეზონი „სენტ ეტიენში“ დაიწყო, რომელიც მეორე ტურში 14 აგვისტოს, „კლერმონს“ შეხვდება.





