22-წლიანი ლოდინი დასრულებულია - ქართული კლუბი ევროთასებზე შემოდგომაზეც ითამაშებს!
საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, რითაც სულ მცირე, კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა, მაგრამ ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსიც აქვს.
ერთი კვირის წინ ბელფასტში, „ლარნთან“ მატჩი უგოლოდ დასრულდა, ამჯერად კი თბილისში, ანდრეი დემჩენკოს გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში მეტოქეს აჯობა.
თამაშმა დიდი ინტერესი გამოწვია, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 15 ათასზე მეტი გულშემატკივარი მივიდა და „იბერიას“ მხარდაჭერა ნამდვილად არ აკლდა.
თამაში დაძაბული გამოდგა, „იბერიას“ გაუჭირდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარშიც კარგა ხანს არაფერი იცვლებოდა და დაძაბულობაც იმატებდა. 74-ე წუთზე კი, ანგარიში გაიხსნა. ნიკა სიხარულაშვილმა ქუსლით შესანიშნავი პასი დაუტოვა ვახო ბედოშვილს, რომელმაც ასევე ბრწყინვალედ იმოქმედა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა.
სტადიონი სიხარულმა მოიცვა, მაგრამ როგორც ჩანს, „იბერიაც“, რადგან თამაში განახლდა თუ არა, სტუმრებმა გაიტანეს. მასპინძელთა დაცვაში უყურადღებობით ჯეიმს სიმპსონმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ეს ცივი შხაპი იყო.
ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად.
102-ე წუთზე „იბერიამ“ ნანატრი გოლი გაიტანა - ნიკოლოზ დადიანის პასის შემდეგ, ნიკა სიხარულაშვილმა გამიჩინა თავი. 22 წლის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონის რიგებში მიმდინარე ევროტურნირებზე შედეგიანად თამაშობს და მეოთხე გოლი მიითვალა, თანაც ისტორიული მნიშვნელობის!
„იბერიამ“ თამაში 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამშიც ასე გაიმარჯვა და როგორც იქნა, ნავსი გატყდა - ქართული გუნდი ევროთასების ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
„იბერია“ მეორე გუნდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროტურნირების მთავარ ბადეში მოხვდა. აქამდე, ეს მხოლოდ „დინამო თბილისს“ ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც 2004-2005 წლების სეზონში უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეძლო, როცა საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბატე (3:2, 1:0), „სლავია“ (1:3, 2:0) და „ვისლა“ (3:4, 2:1) დაამარცხა.
თბილისის „იბერიამ“ ყველაზე ცუდ შემთხვევაში კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაში გაინაღდა, მაგრამ შეუძლია ევროპა ლიგის ფაზის ეტაპზე მოხვდეს, ამისთვის კიდევ ერთი ეტაპის გადალახვა დასჭირდება.
„იბერია“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გლზაგო „რეინჯერსს“ ან პოლონურ „იაგელონიას“ შეხვდება. პირველი მატჩი პოლონელებს 2:1 აქვთ მოგებული, მაგრამ წინ „აიბროქსზე“ სტუმრობა ელოდებათ.
„იბერია“ – „ლარნი“ 2:1 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:1
გოლები: 1:0 ბედოშვილი (74), 1:1 სიმპსონი (76), 2:1 სიხარულაშილი (102)





