ფეხბურთი

0:57 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარას სუპერგოლი და დიდებული სტარტი: პსჟ-მ ევროპის სუპერთასი მოიგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა ტიტულით. ხვიჩა კვარაცხელიაზეც იგივე ითქმის - ბრწყინვალედ.

ქართველმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ოქროს ბურთის მოგების რეალური კანდიდატია და ეს უტოპია სულაც არ იქნება.

ევროპის სუპერთასისთვის მატჩში პსჟ ზალცბურგში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ტიტული მოიპოვა, კონკრეტულად ეს - ზედიზედ მეორედ. ერთი წლის წინ პსჟ-მ „ტოტენჰემს“ აჯობა, ამჯერადაც ინგლისურ გუნდს სძლია.

პარიზელებმა ანგარიში მეოცე წუთზე გახსნეს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელმაც დიდებულად იმოქმედა და ძლიერი, რაც მთავარია, ლამაზი და ზუსტი დარტყმით პსჟ წინ გაიყვანა. ხვიჩამ სეზონის პირველივე შეხვედრაში გაიტანა.

პარიზელებმა ტაიმის ბოლომდე უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „ასტონ ვილას“ 17 წლის ტალანტმა, ბრაიან მაჯომ თავით დალაშქრა მეტოქის კარი 45-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა. უნაი ემერის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ყველას უჩვენა, რომ ადვილად არაფერს დათმობდა.

არც დაუთმია, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გააკეთა, პსჟ კი „ასტონ ვილაზე“ მაღალი კლასის გუნდია. 61-ე წუთზე დეზირე დუემ დალაშქრა ინგლისელთა კარი და როგორც მერე გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა. კვარაცხელია 88-ე წუთზე შეცვალეს.

როგორც ვთქვით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მეორედ მოიგო ევროპის სუპერთასი. ხვიჩა კვარაცხელიამაც, რითაც კახა კალაძეს გაუთანაბრდა. კვარას პსჟ-ში უკვე ბევრი ტიტული დაუგროვდა: საფრანგეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი ორ-ორჯერ. თითოჯერ საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი!

პსჟ-ს კვარას ოთხ დღეში კიდევ ერთი ტიტულის შანსი ექნებათ - 16 აგვისტოს, „ლანსს“ საფრანგეთის სუპერთასისთვის შეხვდებიან.

პსჟ - „ასტონ ვილა“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (20), 1:1 მაჯო (45), 2:1 დუე (61)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085988