„ჩელსის“ ნახევარმცველმა მორგან როჯერსმა ისაუბრა უფრო დომინანტურ სათამაშო სტილთან ადაპტაციაზე.
„მომიწევს შეგუება. „ასტონ ვილას“ სტილი და უნაის მიდგომა ძირითადად მოთამაშეების ძლიერ მხარეებზე იყო აგებული. ჩემს გარდა გვყავდა ჯონ მაკგინი და ოლი უოტკინსი - გვიყვარდა კონტრშეტევებზე და უფრო ვერტიკალურად თამაში. ეს იყო ჩვენი ძლიერი მხარე.
აქ ვითარება ცოტა განსხვავებულია. „ჩელსიში“ ვფიქრობ, ბევრად უფრო ტექნიკური მოთამაშეები არიან, ფლანგელები, რომლებიც ძლიერები არიან პირისპირ ბრძოლისას, ინტელექტუალური ათიანები, ნახევარმცველები, რომლებსაც სურთ ბურთის მიღება და თამაშის კონტროლი. იგივე ეხება ცენტრალურ მცველებსაც.
მომიწევს სწავლა, ადაპტირება და შეგუება. ასევე მეტი მოთმინება და ბურთის მოლოდინი. ზოგიერთ მატჩში სივრცე გაცილებით ვიწრო იქნება, ამიტომ მომიწევს სხვა გზების პოვნა ჩემი ძლიერი მხარეების გამოსაყენებლად.
ამ მხრივ, სიტუაცია ინგლისის ნაკრებთან მსგავსია. იქაც ბევრი ბურთის ფლობა გვაქვს და ჩემი თამაში სიტუაციის მიხედვით უნდა მოვარგო. სწორედ ეს არის მოთამაშის განვითარების არსი — მუდმივად სწავლა გჭირდება. მსურს, მრავალმხრივი მოთამაშე გავხდე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ თამაში და გადაწყვეტილებების პოვნა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცავენ ისინი თავს“, - ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sky Sports.
როჯერსმა „რეალ სოსიედადთან“ სადებიუტო ამხანაგურ მატჩში გაიტანა გოლი. „ჩელსიმ“ 3:1 გაიმარჯვა. მოთამაშის „ასტონ ვილიდან“ ტრანსფერის შესახებ 21 ივლისს გახდა ცნობილი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როჯერსის ტრანსფერის საფასური 117 მილიონი გირვანქა (137 მილიონი ევრო) იქნებოდა. Transfermarkt-ის თანახმად, ეს „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. გარდა ამისა, როჯერსი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი გახდა.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა „ასტონ ვილას“ მაისურით ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.





