დღეს, 22 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. „სპაერმა“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა. გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „დილამ“ და „ტორპედომ“ 2:2 ითამაშეს.
დღის გვიან შეხვედრაში კი „რუსთავმა“ „დავით პეტრიაშვილზე“ „გაგრას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ეს გია ცეცაძის შეგირდების ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ.
სამივე გოლი რუსთაველებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. ანგარიში 56-ე წუთზე კახაბერ კაკაშვილმა გახსნა, შემდეგ კი ლეგიონერების ჯერი დადგა, ჯერ 85-ე წუთზე განელმა სოლომონ კესიმ გააორა, 90+4-ე წუთზე კი ბრაზილიელმა დავიდ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
ახლა“რუსთავმა“ 22 თამაშის შემდეგ 41 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. 24-ქულიანი „გაგრა“ კი პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზეა.





