საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "ჯვაროსანთა" თავკაცის რანგში ბოლო მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია გამართა. პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, თემურ ქეცბაია და გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა ჟურნალისტებთან ნაღვლიანი წარსდგა.
თემურ ქეცბაია: პრინციპში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და სათქმელიც არაფერია. სამწუხაროდ, ასე დასრულდა ჩემი მოღვაწეობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ერთი რამის თქმა შემიძლია, როგორც რიგითი ადამიანი ყოველთვის საქართველოს გულშემატკივარი ვიქნები.
ჯაბა კანკავა: თემურ ქეცბაიას წარმატებას ვუსურვებ. განვლილი მატჩი კარგად დავიწყეთ და 0:4 ანგარიშით წასაგები შეხვედრა ნამდვილად არ გახლდათ, რაც ძალიან დასანანია.
ამრიგად დასრულდა თემურ ქეცბაიას 5-წლიანი მოღვაწეობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თუ ვინ ჩაიბარებს "ჯვაროსნებს", ჯერჯერობით უცნობია. ერთი კი ფაქტია, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ისევე როგორც მთლიანად ქართული ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაშია და წარმატების მისაღწევად ძირეული ცვლილებების გატარებაა აუცილებელი.







