ჭიდაობა

14:56 | 14.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

3 მედლის მოლოდინში

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პირველზე გაცილებით წარმატებულია. ბაქოს ხალიჩაზე გასული სამი ქართველიდან ორი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ქართული შვიდეულის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა გიორგი გოგშელიძემ (96 კგ) სამი შეხვედრა ჩაატარა, სამივეში იმარჯვა და ოქროს მედალთან ერთ ნაბიჯზეა. საფინალო გზაზე გოგშელიძემ ბერძენი იოანის პაპადოპულოსი, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი და თურქი სერჰატ ბალჩი საკმაოდ ადვილად ჩამოიცილა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვი იქნება, რომელმაც ასევე უპრობლემოდ სძლია ყველა მეტოქეს.
60 კილოგრამში მოჭიდავე მალხაზ ზარქუამაც წაუგებლად ჩაამთავრა შეჯიბრის პირველი ნაწილი. პოლონელი ადამ ბლოკის, უკრაინელი ვასილ ფედორიშინისა და ბელარუსი ალექსანდრ კონტოევის მძლეველი ქართველი გადამწყვეტ შეხვედრას რუსეთის სახელით მოჭიდავე ოპან სატთან ჩაატარებს.
გელა საღირაშვილმა (74 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუს დენის ცარგუშთან წაგებით. იქამდე მან ბელარუს რამან სოლტანს, უნგრელ გაბორ სადოშსა და სლოვაკ დუშან ბაბრნაკს აჯობა. რეპეშაჟის ფინალში კი ავსტრიელი ფილლიპ კრეპაცისა და თურქი ბატუჰან დემირჩინის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ჩემპიონ-პრიზიორების გამოსავლენი ბრძოლები თბილისის დროით 18:30 საათიდან დაიწყება და პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.167631