დასასრულს მიუახლოვდა ევროპის რიგით 24-ე ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. დასკვნითი, მეცხრე ტურის წინ, ჩემპიონობის და საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსებს რამდენიმე ქართველი მოზარდი ინარჩუნებს.
ყველაზე კარგი შედეგი 16-წლამდე ჭაბუკებში მოასპარეზე ფიდე-ს ოსტატ გიორგი სიბაშვილს გააჩნია. მან 8-დან 6.5 ქულა დააგროვა და პირველობას მაქსიმ ვავულინთან (რუსეთი) და კენ ალი მარანდისთან (თურქეთი) ერთად ინაწილებს.
გოგონების ანალოგიურ ასაკობრივ კატეგორიაში სამეულში გასვლის შანსი აქვს ნინო ხომერიკს, რომელსაც აქტივში 6 ქულა მოუგროვდა და IV-VII ადგილებს იყოფს.
18-წლიან გოგონათა შორის 6.5 ქულით მეორე ადგილზეა ნატო იმნაძე, ხოლო 10-წლამდე ბიჭებში 6.5 ქულით მესამეა ნიკოლოზ კაჭარავა.
საპრიზო სამეულში მოხვედრა შეუძლია 12-წლიან გოგონებს შორის ანასტასია სიდამონიძეს.









