საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს “ეტიჰად სთედიუმისკენ” იყო მიმართული, სადაც მანჩესტერიული დერბი გაიმართა. ფავორიტად “სიტი” ითვლებოდა, თუმცა “იუნაიტედი” ბოლო პერიოდში გაცილებით უკეთესად ათამაშდა და საინტერესო მატჩის მოლოდინში ვიყავით. ორივე კლუბს მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდათ, მასპინძლები ტრავმების გამო ფრენკ ლამპარდსა და დავიდ სილვას მოისაკლისებდნენ, ხოლო სტუმრებს ფილ ჯონსს, ჯონ ევანსს, რაფაელსა და რადამელ ფალკაოს მოისაკლისებდნენ.
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და დე ხეას შესანიშნავი თამაში რომ არა, მალევე დაწინაურდებოდნენ. ესპანელმა კიპერმა აგუეროსა და ხესუს ნავასს აუღო რთული დარტყმები. მასპინძელთაგან გამოირჩეოდა იაია ტურე, რომელიც უდიდეს სამუშაოს ასრულებდა მოედნის ცენტრში და “სიტის” შეტევების დამწყები იყო. “სიტის” უპირატესობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც სმოლინგის უპასუხისმგებლო თამაშის გამო “იუნაიტედი” 10 კაცით დარჩა. ახალგაზრდა მცველმა პირველი გაფრთხილება იმის გამო მიიღო, რომ ჰარტს ბურთის თამაშში შეყვანას არ აცდიდა. როგორც გამოჩნდა, ეს ბარათი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე ყვითელი სმოლინგმა უხეშობის გამო მიიღო და 39-ე წუთზე თავისი გუნდი ურთულეს მდგომარეობაში დატოვა. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მთავარი მსაჯის, მაიკლ ოლივერის გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევდა, ორ მომენტში არტბიტრმა პენალტის დანიშვნა აშკარად ვერ გაბედა. განსაკუთრებით ეს მეორე ეპიზოდზე ითქმის, როდესაც ტურეს წინააღმდეგ იუხეშეს.
მეორე ტაიმში “სიტიმ” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა კიდევ უფრო შეუტია. საგრძნობლად გააქტიურდა სერხიო აგუერო, რომელსაც მუდმივ ზეწოლის ქვეშ ყავდა “წითელი ეშმაკების” შესუსტებული დაცვა. ისევ იყო პენალტზე აპელირება დე ხეას კარის მიმართულებით, მაგრამ ოლივერის სასტვენი დუმდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გავიდა, გაელ კლიში ფლანგიდან შესანიშნავად ჩაერთო და საჯარიმოში კარგი გადაცემა განახორციელა, სადაც ყველას აგუერომ დაასწრო და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა. დარჩენილ დროში, ორივე კლუბს შეეძლო გატანა. “სიტის” მხრიდან ნავასს შეეძლო გატანა, მაგრამ ძელს გაარტყა, ხოლო სტუმართაგან ვან პერსისა და დი მარიას ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ჰარტმა იყოჩაღა. ამრიგად, “სიტიმ” ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა დერბიში. ამ მოგებით “სიტი” მე-3 პოზიციაზე დარჩა და ლიდერ “ჩელსის” 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო “იუნაიტედი” 13 ქულით მე-10 ადგილზეა.
დღის მეორე შეხვედრაში, კრიზისში მყოფი კლუბები ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომელთაც პირველი ტურები კარგად ჩაატარეს და შემდგომ საშინლად ათამაშდნენ. “ასტონ ვილას” ფეხბურთელებმა პირველი ნახევარი ოდნავ უკეთ ჩაატარეს მეტოქეზე, რაც ანგარიშშიც აისახა, ვაიმანის გოლი პირველი 45 წუთი მასპინძლებმა მოიგეს.
მეორე ნახევარში მაურისიო პოჩეტინომ თავიდანვე ცვლილებებს მიმართა და “მამლებმა” უფრო აგრესიულად შეუტიეს. ამაში “დეზებს” კრისტიან ბენტეკეც დაეხმარა, რომელმაც 65-ე წუთზე წითელი ბარათი დაიმსახურა და კაცნაკლული დატოვა თავისი გუნდი. ყოველივე ამან შედეგი შეხვედრის ბოლო 10 წუთში გამოიღო, ჯერ ჩადლიმ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე ჰარი კეინმა მოუტანა თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება – 1:2.
მანჩესტერ სიტი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 (0:0)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, ზაბალეტა, კლიში, ფერნანდო, ტურე, ნავასი, მილნერი (ნასრი 70), იოვეტიჩი (ჯეკო 71), აგუერო (ფერნანდინიო 84).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, როხო (მაკნაირი 56), სმოლინგი, შოუ, ვალენსია, ბლინდი, ფელაინი, იანუზაი (კერიკი 43), დი მარია, რუნი, ვან პერსი (უილსონი 82).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლი: აგუერო 63.
გაფრთხილებები: დემიჩელისი, ზაბალეტა, ფერნანდო – ბლინდი, სმოლინგი
გაძევება: სმოლინგი 39.
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ასტონ ვილა – ტოტენჰემი 1:2 (1:0)
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ვლაარი, ბეიკერი, ლოუტონი, სისოკო (ბენტი 93), კლევერლი, სანჩესი, ვესტვუდი, ვაიმანი (რიჩარდსონი 86), ნ’ზოგბია (აგბონლაჰორი 74), ბენტეკე.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ტოტენჰემი (4-4-2): ლორისი, ვერტონგენი, ქაბული, ნოუტონი, როუზი, მეისონი, კაპუე (თაუნსენდი 72), ერიკსენი (ლამელა 46), ჩადლი, ადებაიორი (კეინი 58), სოლდადო.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 1:0 ვაიმანი (16), 1:1 ჩადლი (84), 1:2 კეინი (90).
გაფრთხილებები: სისოკო, ვაიმანი, სანჩესი – ერიკსენი, ვერტონგენი, ჩადლი
გაძევება: ბენტეკე 65.
მსაჯი: ნილ სვერბრიკი
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –10. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 9. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”), ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 7. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), დიაფრა სახო (“ვესტ ჰემი”) – 6.





