საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები სომხეთში გაემგზავრა. ხვალ-ზეგ, ერევანი ლევონ ჯულფალაკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას 21 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. ჩემპიონები ოქროს მედალთან ერთად ხუთას დოლარს მიიღებენ, ვერცხლის პრიზიორები – სამასს, ხოლო ბრინჯაოსნები - ორასს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ერევანში მწვრთნელ ვილიამინ ხარაზოვის ხელმძღვანელობით, დღეს ჩავიდა. ხალიჩაზე 15 ქართველი გავა: ამირან შავაძე, აბესალომ ქათამაძე, ბაჩანა ფუტკარაძე, გენადი ქუთათელაძე (55 კგ), ფირუზ წულუკიძე, ხვიჩა ჭითავა, გოგიტა გოგიბერაშვილი, როინ ძირკვაძე, თორნიკე თურქიშვილი (60 კგ), გიორგი დავითაია, თემურ რუხვაძე, თენგიზ ფარცვანია (66 კგ), ირაკლი ქაჯაია, იაკობ ქაჯაია, აკაკი კანდელაკი (96 კგ). ოთხ წონით კატეგორიაში: 50, 74, 84 და 120 კილოგრამებში კი საქართველოს მონაწილე არ ეყოლება.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, მედლები 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, მეორე დღეს – 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში.
ოთარ მაღლაკელიძე







