ბოლნისის “სიონს”, რომელმაც გასულ ზაფხულს ევროთასებზე ითამაშა, ცუდი დრო უდგას. შიდაქართლელებს “ტორპედოსთან” მატჩამდე ზედიზედ 6 მატჩი არ მოეგოთ და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ. ბოლნისელებს მშობლიურ ქალაქში სტადიონის მიერ შესაბამისი ნორმების დაუკმაყოფილებლობის გამო არ ათამაშებენ და ამიტომ, მეტოქეებს ხან თბილისის “მიხეილ მესხზე” იღებენ, ხან გორის “თენგიზ ბურჯანაძეზე”. ამჯერად, ბოლნისელებისთვის გორული ვოიაჟი იღბლიანი აღმოჩნდა და ლადო ბურდულის შეგირდებმა როგორც იქნა მოიგეს.
“სიონს” მეორე მეკარე მირზა მერლანი აკლდა და სამატჩო განაცხადში მეკარეების მწვრთნელი დავით ასლანაძე შეიყვანეს, რომელსაც თავის დროზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.
“სიონში” აღარ ირიცხებიან ნახევარმცველი თორნიკე აფციაური და გიორგი ადამია, რომელთაც კონტრაქტი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ გაწყვიტეს.
“ტორპედოს” დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძე ვერ ეხმარებოდა. ასევე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ოთარ კვერნაძე არ იყო.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რაც ალექსანდრე გოგობერიშვილმა ბურთი თავის საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგა და გოგი ფიფიას ძლიერად დარტყმული ზურაბ ბათიაშვილმა გააუვნებელყო.
ტაიმის შუაწელში სტუმართა ნახევარმცველის მიერ “სიონის” საჯარიმოში გაკეთებული პასის შემდეგ, დავით სვანიძე შეცდა და ფიფიამ ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
შესვენებაზე რეზო ძოძუაშვილმა მოედანზე სევასტი თოდუა შეიყვანა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დააყენა, ხოლო მანამდე იქ მოთამაშე ვაჟა ტაბატაძე ნახევარდაცვის ცენტრში შესწია.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში, მარჯვნიდან ზვიად ლობჟანიძემ კუთხური შეასრულა და გივი კვარაცხელიას სახიფათო თავური კარს ასცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, მარჯვენა ფლანგზე დანიშნული “ჯარიმიდან” გიორგი ფოფხაძე ბურთი ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა კვარაცხელიამ მცველების შეცდომით ისარგებლა ვარდნაში თავით გაიტანა – 1:0.
გატანილი გოლიდან მალევე, სტუმართა კარს ილია კანდელაკი დაემუქრა და გაბრიელ თებიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ბოლნისელები სახიფათო მომენტების შექმნას განაგრძობდნენ და ფოფხაძე გოლის ეპიზოდის მსგავსად ჩააწოდა, ხოლო გიორგი განუგრავას თავური თებიძემ გაანეიტრალა.
მატჩის მიწურულს განუგრავამ “ტორპედოს” საჯარიმოში ლობჟანიძეს მოძებნა, რომელმაც კარიდან წინ გამოსულ თებიძეს ვერ აჯობა და “სიონი” მხოლოდ კუთხურს გამორჩა. “სტანდარტული” ლობჟანიძემ შეასრულა და ალექსანდრე ინწკირველმა ვარდნაში თავით დაარტყა - ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გიორგი ცხადაიას პირისპირ ვილი ისიანი გაჰყავდა, რომელსაც სააჯრიმოს ფარგლებს გარეთ “ასულმა” თებიძემ დაასწრო და ბურთი ფეხით მოიგერია.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ლადო ბურდული: “მადლობა გორის “დილას” ხელმძღვანელობას, რომ გვერდით გვიდგას და სათამაშოდ თავის მოედანს გვითმობს. მინდორი ჩვენთვის იღბლიანი აღმოჩნდა რადგან ჯერაც არ წაგვიგია. ბიჭები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ, ვინაიდან რთული თამაში გველოდა. ღრეზო ძოძუაშვილი კარგი მწვრთნელია და ძალიან კარგ გუნდს მოვუგეთ. ჩვენ გულშემაატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ახალი წლის მერე შეკრებას თურქეთში გავივლით. გუნდიც გადახალისდება, ახალგაზრდა ფეხბურთელები დაგვემატებიან და გამოცდილებიც დარჩებიან”.
რეზო ძოძუაშვილი: “ყოველმხრივ ცუდი ატმოსფერო იყო იქედან გამომდინარე, რომ “დინამოსთან” მატჩის შემდეგ დასვენებისთვის ერთი დღეც არ გვქონდა. ამას სამი-ოთხი ფეხბურთელის ავადმყოფობაც დაემატა. რეალურად დღევანდელი მსაჯობაც რომ შევაფასოთ, ისეთი დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ ცოტა-ცოტა მსაჯთა ბრიგადამ იმამაძაღლა. სადაც საკამათო საჯარიმო იყო მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, დებდა. გოლიც მოგონილი ჯარიმით შეგვიდგეს. მეხუთე თამაშია, ასე პრწკენა-პრწკენით ართმევენ ქულებს “ტორპედოს”. ალბათ დავალება აქვთ, რომ ქუთაისის “ტორპედოს” დედა უტირონ”.
სიონი (ბოლნისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:0 (0:0)
6 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
სიონი: ბათიაშვილი, გიორგი ფოფხაძე (ინწკირველი, 81), სვანიძე (კ), გივი კვარაცხელია, დაჩი ფოფხაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი (განუგრავა, 20), ზვიად ლობჟანიძე, სირაძე (ცხადაია, 76), ისიანი.
მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.
ტორპედო: თებიძე, ტაბატაძე (კ), აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ბაბუნაშვილი, ფიფია, მახვილაძე, მარკოზაშვილი, მამასახლისი (ზურაბ გელაშვილი, 63), ქებურია (სევასტი თოდუა, 46).
მთავარი მწვრთნელი: რეზო ძოძუაშვილი.
გოლი:
გაფრთხილებები: ბაბუნაშვილი (50), აბრამიძე (69), ისიანი (77), გელაშვილი (87)
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.
| 1. | დინამო (თბ) | 11 | 8 | 2 | 1 | 23:8 | 26 | |
| 2. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
| 3. | დილა | 11 | 5 | 3 | 3 | 17:11 | 18 | |
| 4. | სამტრედია | 11 | 5 | 3 | 3 | 11:8 | 18 | |
| 5. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
| 6. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
| 7. | მეტალურგი | 11 | 4 | 4 | 3 | 14:12 | 16 | |
| 8. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
| 9. | მერანი | 11 | 4 | 3 | 4 | 9:8 | 15 | |
| 10. | დინამო (ბთ) | 11 | 4 | 2 | 5 | 10:11 | 14 | |
| 11. | გურია | 11 | 3 | 5 | 3 | 11:17 | 14 | |
| 12. | სიონი | 12 | 3 | 3 | 6 | 11:17 | 12 | |
| 13. | ვიტ ჯორჯია | 11 | 3 | 2 | 6 | 11:12 | 11 | |
| 14. | შუქურა | 11 | 2 | 5 | 4 | 10:15 | 11 | |
| 15. | ფოთი | 11 | 2 | 4 | 5 | 9:14 | 10 | |
| 16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |





