სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:59 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა”, შინ უდანაკარგოდ

წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში საჩხერის “ჩიხურა” ერთ-ერთი ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი კლუბია. გუნდმა, რომელმაც წარმატებით იასპარეზა ევროპის ლიგაზე და მცირედი დააკლდა იმისათვის, რომ მესამე ეტაპი გადაელახა, მიმდინარე ეროვნულში თამაში ვერ დაასტაბილურა. ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზებიც გააჩნია. გუნდი დატოვა რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ, ამას თან დაერთო ზოგიერთი ფეხბურთელის ტრამვაც და საერთო უიღბლობაც. ზოგიერთ თამაშში ზემო იმერული კლუბი აშკარად მეტს იმსახურებდა, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ ამ შემთხვევებში აშკარად გვერდი სხვა მხარეს იბრუნა. ჯერჯერობით საჩხერული საფეხბურთო კოლექტივი მხოლოდ ივანწმინდის საშინაო არენაზე გამოდის სტაბილურად და ქულებს არ ჰკარგავს.

საკმაო გახლდათ დანაკლისი საჩხერლებისა დღევანდელ პაექრობაშიც და მათდა სამწუხაროდ ზუგდიდელებთან დუელში “ჩიხურას” რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. თავის მხრივ ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ “ზუგდიდის” ფეხბურთელები, რომლებმაც ახალი მწვრთნელის, ბესიკ შეროზიას მოსვლის შემდეგ ორი მნიშვნელოვანი პაექრობა მოიგეს - სტუმრად “სამტრედიასთან” და შინ ლანჩხუთის “გურიასთან”. შეროზიას მოსვლის შემდეგ ზუგდიდურმა კლუბმა, რომელსაც მანამდე ჩემპიონატში მოგება არ ჰქონდა, გამარჯვებას გემო გაუგო. მიუხედავად ამ წარმატებებისა “ზუგდიდი” მაინც სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მასსა და სამეულის ზონის გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც 8 ქულაა. რაც შეეხება საჩხერლებს, ისინი გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრდებოდნენ.

თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სადებიუტო წუთებზე მოწინააღმდეგეებმა სახიფათოდ შეუტიეს ერთმანეთის კარს. პირველი დარტყმა მეტოქის დასაცავი ობიექტისაკენ მასპინძელთა გარემარბმა დეკანოიძემ გააკეთა, მაგრამ მის მცდელობას სიზუსტე დააკლდა. თავის მხრივ სერიოზული “ჩხვლეტა” გაუკეთეს საჩხერლებს სტუმრებმა მე-8 წუთზე, როდესაც ფარჯიკია ქვილითაიასთან პირისპირ დარჩა და ბურთი ძელს გაარტყა. იქედან უკუგდებულ ბურთზე დამატებას კუკავა ცდილობდა, თუმცა მასპინძლები ბაჯელიძის თავდადებულმა თამაშმა გადაარჩინა, რომელმაც ზუგდიდელი შემტევის დარტყმულს გადაეღობა და ხიფათიც განიმუხტა.

თვალსასეირო დებიუტის შემდეგ თამაში ისევ საინტერესოდ გაგრძელდა. სახიფათო გახლდათ კუჭუხიძის დარტყმა საჯარიმოს ფარგლებიდან, რომელსაც სიზუსტე დააკლდა. ასევე დასრულდა მუმლაძის თავურიც, როდესაც მას ასისტენტობა კორიფაძემ გაუწია. საჩხერლებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და მათ იერიშები მეტოქის კართან დიდი ძალებით მიჰქონდათ. დასამახსოვრებელი იყო ქიმაძე-მუმლაძის კომბინაცია, რომლის დროსაც ფორვარდს წესით გატანა მართებდა, მაგრამ მუმლაძემ ვერ აჯობა თევდორაძეს, რომელმაც ბურთი მკერდით უკუაგდო. ამის შემდეგაც რამდენიმე უზუსტო დარტყმა განხორციელდა სტუმართა კარის მიმართულებით.

პირველი ტაიმის დასკვნით ნაწილში სათამაშო სურათი არ შეცვლილა. მასპინძელთა დამრიგებელ სოსო ფრუიძეს კი იძულებითი Aშეცვლის გაკეთება მოუწია, როდესაც ტრამვამიღებული კორიფაძის ნაცვლად თამაშში ჩიკვაიძე ჩართო. ტაიმის ბოლო წუთებზე “ჩიხურას” ფეხბურთელები ახლოს იყვნენ ანგარიშის გახსნასთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვერც მუმლაძემ და ვერც კუჭუხიძემ ვერ შეძლეს საბოლოო დარტყმების ზუსტად შესრულება. განსაკუთრებით ლაშა კუჭუხიძის მომენტი უნდა გამოვყოთ, როდესაც ტანმაღალი ფორვარდის თავურმა დარტყმამ სანტიმეტრებში ჩაუარა ზუგდიდელთა კარს.

თამაშის განახლებიდან მალევე საჩხერლებმა საწადელს მიაღწიეს და დაწინაურება მოახერხეს. როგორც აღმოჩნდა, მათ გამარჯვების გოლი გაიტანეს, რადგანაც თორნიკე მუმლაძის გოლი მატჩში ერთადერთი აღმოჩნდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან, “ჩიხურას”კაპიტნის, დავით ოდიკაძის ჩაწოდებულს მუმლაძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. ცოტა ხანში საჩხერელთათვის უსიამოვნო ამბები დატრიალდა, მათი დამრიგებელი სოსო ფრუიძე იძულებული გახდა ტრავმების გამო გოლის ავტორი მუმლაძე და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლაშა კუჭუხიძე შეეცვალა. 62-ე წუთზე ზემო იმერლებმა ისევ სახიფათოდ შეუტიეს სტუმრებს. ამჯერად დეკანოიძე დაემუქრა მოწინააღმდეგის კარს შორეული დარტყმით, მაგრამ თევდორაძემ ნახტომში შეძლო ბურთის მოგერიება.

იგრძნეს რა წაგების საფრთხე ზუგდიდელებმა, ბუნებრივია ისინი შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას. 68-ე წუთზე სამეგრელოს წარმომადგენლებს რეალური შანსი მიეცათ, როდესაც წურწუმიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ კუკავა ახლო მანძილიდან ცდილობდა კარის აღებას, მაგრამ ამ მომენტში საჩხერელთა კარის დარაჯმა მაქსიმე ქვილითაიამ იყოჩაღა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ მომენტს წესით ლომიას სახიფათო საჯარიმო დარტყმა უნდა მოჰყოლოდა ხელსაყრელი ადგილიდან, მაგრამ ზუგდიდელთა ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა. სტუმართა შეტევების უკუგდებას საჩხერლები მწვავე კონტრშეტევების განხორციელებით შეეცადნენ. ერთადერთხელ მათ ჩიკვაიძე-ქიმაძე- დეკანოიძის მონაწილეობით შეძლეს დასამახსოვრებელი მომენტის შექმნა, მაგრამ ბესიკ დეკანოიძეს საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი თევდორაძის იოლი ნადავლი გახდა.

მატჩის მიწურულს “ჩიხურა” ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა და ეს დავალება შეასრულა კიდეც. ერთადერთი შეცდომა საჩხერელთაგან ბაჯელიძემ დაუშვა 89-ე წუთზე, როდესაც მისი “წყალობით” შანსი გულორდავას მიეცა, მაგრამ მეორე ტაიმში შემოსულმა ზუგდიდელმა ფეხბურთელმა ბურთის ნორმალურად დამუშავება და დარტყმა ვერ მოახერხა. შესაბამისად საგოლე მომენტიც განიავდა და “ჩიხურამ” ზედიზედ მეხუთე საშინაო გამარჯვება მიითვალა.

ბესიკ შეროზია (“ზუგდიდი”) – “წაგების მიუხედავად ჩემი გუნდის ტამაშით უკმაყოფილო არ ვარ. ჩვენ შეგვეძლო ამ მატჩის წარმატებით დასრულება, მაგრამ ხელსაყრელი საგოლე მომენტები გავანიავეთ. ამ შედეგის მიუხედავად, ვფიქობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ”.

სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”) – “მძიმე მატჩის მოლოდინში ვიყავით. ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, ზუგდიდელებს კიდევ ზედიზედ ორი მატჩი ჰქონდათ მოგებული. ყველამ ვნახეთ, რომ ისინი დღესაც მედგრად გამოიყურებოდნენ და შემტევი შემადგენლობით იყვნენ. საგოლე მომენტები ორივე გუნდ ჰქონდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ჩვენი შანსის გამოყენება და გამარჯვების მოპოვება”.

“ჩიხურა” - “ზუგდიდი” - 1:0 (0:0)

6 ნოემბერი. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 300 მაყურებელი

“ჩიხურა”: ქვილითაია, თეიმურაზ ღონღაძე, ქიმაძე, კორიფაძე (ჩიკვაიძე, 34), მუმლაძე (სიხარულია, 57), დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე, ბაჯელიძე, ბაჯელიძე, კუჭუხიძე (ივანიშვილი, 61).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“ზუგდიდი”: თევდორაძე, რიგვავა (ქურდაძე, 78), ჯავაშვილი, ლაშა ღონღაძე, ფარჯიკია (გულორდავა, 67), მირცხულავა, დათა ქირია, გვაზავა (კობერიძე, 64), წურწუმია, კუკავა, ლომია.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლები: 1:0 მუმლაძე (50).

გაფრთხილება: ჯავაშვილი (54), დობროვოლსკი (72), ლაშა ღონღაძე.

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)

1. დინამო (თბ) 12 8 2 2 23:9 26
2. სპარტაკი 12 6 2 4 12:18 20
3. დილა 11 5 3 3 17:11 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. ჩიხურა 12 5 3 4 13:12 18
6. ზესტაფონი 12 4 5 3 24:15 17
7. დინამო (ბთ) 12 5 2 5 11:11 17
8. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
9. ტორპედო 12 3 6 3 13:12 15
10. მერანი 11 4 3 4 9:8 15
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ბოლნისი 12 3 3 6 11:17 12
13. ვიტ ჯორჯა 11 3 2 6 11:12 11
14. შუქურა 11 2 5 4 10:15 11
15. ფოთი 11 2 4 5 9:14 10
16. ზუგდიდი 12 2 4 6 7:15 10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

გიორგი წურწუმია ივანწმინდიდან

0.168557