საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 24-ე ეროვნული ჩემპიონატი დღეს რუსთავში სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ადგილობრივი "რუსთავისა" და "ქუთაისი 2010"-ის შეხვედრით დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ სუპერლიგის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, აღნიშნულ გუნდებს პრობლემები არ ჰქონიათ, შემადგენლობა დროულად დააკომპლექტეს და წინასასეზონო შეკრებაც გაიარეს, გულშემატკივრები დაძაბულ მატჩს ელოდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს დღემდე წაგება არ ჰქონიათ. “რუსთავი” საკუთარ მოედანზე თამაშობდა და ეს უპირატესობა გამოიყენა - მეტოქე დიდი ანგარიშით 85:67 დაამარცხა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მინიმუმ "დინამო"-"ოლიმპის" შეხვედრამდე მიმდინარე ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
დღევანდელი შეხვედრა “რუსთავის” უპირატესობით დაიწყო. პირველივე მეოთხედში ქვემოქართლელები 14 ქულით დაწინაურდნენ და გამარჯვების სერიოზული განაცხადი გააკეთეს. მეორე მეოთხედში სტუმართა რიგებში პირველად გამოჩნდა აფრიკელი ლეგიონერი, სენეგალელი ცენტრალური თავდამსხმელი აბდულა ნდოე. ეტყობა, რომ იგი გუნდთან ჯერ შეუთამაშებელია და ამის გამო თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. მთლიანობაში მან 17 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ ხნის განმავლობაში 8 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა. ნდოე, რომელიც სუპერლიგის მონაწილე კალათბურთელებიდან ყველაზე ტანმაღალია (213სმ) საკმაოდ მოქნილია, კარგად დარბის, შორიდანაც ისვრის. ერთი სიტყვით, ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. გუნდთან შეთამაშების შემდეგ იგი "ქუთაისი 2010"-ისთვის სერიოზული ძალა გახდება. ნდოეს შემოსვლის შემდეგ სტუმრებმა ანგარიშის სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს. ქუთათურებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს და დაწუნაურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ანგარიშის გათანაბრებაც ვერ მოახერხეს და მთელი შეხვედრა მდევრის როლში ჩაატარეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მატჩი მაინც დაძაბულობით გამოირჩეოდა. მართალია, "ქუთაისი 2010 "-მა თურქეთში შეკრება გაიარა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვარჯიში სპორტსკოლის დარბაზში გააგრძელა, რადგან ქუთაისის სპორტის სასახლეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სავარჯიშო პირობების მოგვარების შემდეგ იმერლებს აქვთ შანსი კიდევ უფრო მოუმატონ და ბევრად კარგი თამაში აჩვენონ.
მასპინძლებმა მეოთხე პერიოდში კიდევ უფრო შეძლეს ანგარიშის სხვაობის გაზრდა, საბოლოოდ კი 18 ქულიან უპირატესობას დასჯერდნენ (85:67).
ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "რუსთავის" წევრი მიხეილ ჭოჭუა რომელმაც ყველაზე მეტი, 22 ქულა დააგროვა. იგი 3 ქულიანების სროლითაც გამოირჩა, ჭოჭუამ 7-დან 4 სროლა გამოიყენა. 17 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ჭოჭუას თანაგუნდელი, ამერიკელი ლეგიონერი ჰაიდენ ჰამსი. რაც შეეხება ჭოჭუას კიდევ ერთ თანაგუნდელს, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს აკაკი დვალიშვილს, ამჯერად იგი 13 ქულით დაკმაყოფილდა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, სტუმართა შორის ყველაზე მეტი, 12 ქულა ახალგაზრდა კალათბურთელ, უკანახაზელ ლევან გრძელიძის ანგარიშზეა.
ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ გაიმართება რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
"რუსთავი" "ქუთაისი 2010" 85:67 (29:22; 17:14; 21:23; 18:8)
"რუსთავი": მაჭავარიანი (2ქ), ჰამესი (17ქ, 12მ, 4პ), ქიტოშვილი (4ქ, 2მ, 1პ), ცეკვავა (15ქ, 7მ, 7პ), აბაიშვილი (6ქ, 3მ, 1პ), ჯაჯანიძე (2მ, 1პ), ქველაშვილი (4ქ. 2მ), ჭოჭუა (22ქ, 3მ, 1პ), გუგავა (2ქ, 1მ), დვალიშვილი (13ქ, 9მ, 5პ), დვალი, ლორთქიფანიძე
"ქუთაისი 2010": ფაშაევი (11ქ, 4მ, 4პ), გრძელიძე (12ქ, 5მ, 3პ), ქადარია (1მ), კვიმსაძე (3ქ, 2მ, 3პ), ცირეკიძე (2ქ, 2მ), ბარბაქაძე (4ქ, 1მ, 1პ), ლომინაშვილი (9ქ, 4მ, 2პ), ბარბაქაძე (10ქ, 7მ), ნდოე (8ქ, 5მ), ბოისა (1პ), ბექაური (8ქ, 6მ), ნუცუბიძე.
| 1 | რუსთავი | 3 | 3 / 0 | 264 / 211 | 6 |
| 2 | ქუთაისი | 3 | 2 / 1 | 214 / 213 | 5 |
| 3 | დინამო | 2 | 2 / 0 | 157 / 123 | 4 |
| 4 | შსს აკადემია | 2 | 1 / 1 | 158 / 166 | 3 |
| 5 | ოლიმპი | 2 | 1 / 1 | 171 / 159 | 3 |
| 6 | მგზავრები-არმია | 2 | 0 / 2 | 132 / 171 | 2 |
| 7 | ბათუმი | 2 | 0 / 2 | 117 / 131 | 2 |
| 8 | სოხუმი | 2 | 0 / 2 | 143 / 182 | 2 |









