რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და ე.წ. ტექნიკურ ზონას დაუბრუნდა. “მეტალურგი” ფინანსურად შეჭირვებულ მდგომარეობაშია და ამის გამო, მატჩამდე კილასონიამ სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესი ვერ წარმართა. გუნდს 4 თვეა ხელფასი არ აუღია. ქართული კლუბების უმრავლესობის მსგავსად, რუსთაველებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეპირებულ 200000 ლარს ელოდებიან.
ამ პრობლემების მიუხედავად, “მეტალურგები” ყოველ მატჩში ბოლომდე იხარჯებიან. რაც მთავარია, “მეტალურგს” მწვრთნელის ხელი ეტყობა და როგორც იტყვიან, “ფეხბურთს თამაშობს”. თუმცა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და უფულობა თავის ხელს ნებისმიერ გუნდს დაატყობს. მიმდინარე სეზონში “მეტალურგმა” შინ პირველად წააგო და აქამდე, არც ზედიზედ ორ მატჩში დამარცხებულა.
“მერანს”, რომელსაც კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი და ამჟამად, ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია პატრონობს, მსგავსი პრობლემები არ აწუხებს. უბრალოდ, მარტვილელები სახლში ვერ თამაშობენ, რადგან სტადიონი, რომლის გახსნასაც სექტემბერში ელოდებოდნენ, ჯერ ისევ რეკონსტრუქციის რეჟიმშია.
მატჩის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულიყო, რომ მეკარე ზურაბ მამალაძემ და მცველმა ნოდარ კიკნაველიძემ თავის საჯარიმოში შეუთანხმებლად ითამაშეს, მაგრამ გიორგი ქავთარაძე ბურთს ვერ მისწვდა, ცარიელ კარში რომ გადაეგზავნა.
მე-18 წუთზე, მარტვილელებმა კუთხური მოაწოდეს და მასპინძელთა მცველების მოგერიებული ბურთი საჯარიმოს ფარგლებს გარედან დავით ციცხვაიამ შეუჩერებლად დაარტყა, ხოლო თავისი კარის ახლოს მდგომმა ირაკლი სიხარულიძემ ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. დავით ბოლქვაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 0:1.
გაშვებული გოლიდან ერთ წუთში, “მეტალურგმა” კარგი კომბინაცია გაითამაშა და სიხარულიძის პასის მერე, გიორგი ვასაძემ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მამალაძემ ბურთი მუშტებით მოიგერია.
ტაიმის შუაწელში მამალაძე ბურთის ამოტანისას შეცდა და პასი ქავთარაძეს მისცა, რომელმაც “საჩუქრით” ვერ ისარგებლა – მახვილი კუთხიდან დაარტყა და სტუმართა გოლკიპერს პრობლემა არ შექმნია.
თუმცა, ქავთარაძემ მაინც გაიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ირაკლი ხუჭუას მიერ მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი შეაგება და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ტაიმის მიწურულს სიხარულიძემ ორჯერ სახიფათოდ შეუტია – ჯერ მარჯვნიდან გიორგი ალავერადშვილის პასის მერე, მისი თავური მამალაძემ გააუვნებელყო, ხოლო შემდეგ ვარდნაში არაზუსტად დაარტყა.
შესვენებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ მარჯვნიდან ხუჭუას პასის მერე, “მერანის” საჯარიმოში მყოფმა ალავერდაშვილმა ბურთს მიმართულება თავით შეუცვალა, თუმცა არაზუსტად.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალავერდაშვილი სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, ერთ მეტოქეს გასცდა, მაგრამ “ცაციათი” არაზუსტად დაარტყა. ცოტა ხანში, მარტვილელთა საჯარიმოში კარისკენ ზურგით მდგომმა სიხარულიძემ ბურთი მკერდით “მიიღო” და არაზუსტი უკუდარტყმა შეასრულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი გასულიყო, რომ ალავერდაშვილი “მერანის” საჯარიმოში ბურთიანად დატრიალდა და დაარტყა – მამალაძემ საიმედოდ ითამაშა.
61_ე წუთზე, სტუმართა კონტრშეტევის დროს, ლაშა ჯღამაიამ მარცხენა ფლანგზე ბურთი მიიღო, “მეტალურგის” საჯარიმოში შესულმა ერთ მცველს გვერდი აუარა და ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. საპასუხო შეტევაში, ოთარ კიტეიშვილმა “მერანის” საჯარიმოში ალავერდაშვილთან “კედელი” გაითამაშა და ვარდნაში მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მამალაძემ არ გაატანინა.
ორ წუთში, ალავერდაშვილმა მარცხნიდან კუთხური მოაწოდა და კოტე ხიზანეიშვილის თავური მამალაძემ გაანეიტრალა. “მერანმა” კიდევ ერთი გოლი მეორე ტაიმის შუაში გაიტანა. ვიდრე “მეტალურგის” ცენტრალური მცველი ვარლამ კილასონია მოედნის ფარგლებს გარეთ მტკივან ხელს მკურნალობდა, სტუმართა სწრაფი კონტრიერიშის დროს, გიგა წურწუმიამ ქვემოქართლელთა მეკარესთან პირისპირ ბესიკ ჩიმაკაძე გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა.
მე-80 წუთზე, კიჭი მელიავა მარჯვენა ფრთაზე ხიზანეიშვილს ორჯერ გაექცა და რუსთაველთა საჯარიმოში პაპუნა ფონიავა მონახა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ალავერდაშვილმა “მერანის” საჯარიმოში ბურთი გიორგი კილასონიას “დაუგდო”, რომელმაც ახლოდან დაარტყა, მაგრამ სტუმართა მცველის “დამსახურებით” მხოლოდ კუთხურს გამორჩა.
მატჩის მიწურულს მეოთხე მსაჯმა ლევან კვარაცხელიამ სპეციალური ტაბლო ვერ დაარეგულირა და დამატებითი დრო 4 წუთის მაგივრად 44 წუთი აჩვენა. შემდეგ შეცდომის გამოსწორებას შეეცადა და ტაბლო საერთოდ არ აენთო.
მეტალურგი (რუსთავი) – მერანი (მარტვილი) 1:2 (1:1)
8 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.
მეტალურგი: ბედიაშვილი, კოტე ხიზანეიშვილი, ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, ხუჭუა, კაკაშვილი (კიტეიშვილი, 46), ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ვასაძე (ტორონჯაძე, 66), სიხარულიძე (გიორგი ვარლამის ძე კილასონია, 52), ალავერდაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი (უკრაინა)
მერანი: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, ფონიავა, ჯღამაია (მარგველაშვილი, 90), ჩიმაკაძე, შულაია (წულაია, 80), ციცხვაია (წურწუმია, 53).
მთავარი მწვრთნელი:
გოლები: 0:1 ბოლქვაძე (19, პენ.), 1:1 ქავთარაძე (33), ჩიმაკაძე (67)
გაფრთხილებები: ხიზანეიშვილი (72), წულაია (83), ვარლამ კილასონია (90+4)
მთავარი მსაჯი: დავით სანოძე.
8 ნოემბერი
შუქურა (ქობულეთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) (1:0)
გოლი: 1:0 ზაზა ტუღუში (38)
| 1. | დინამო თბილისი | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
| 2. | დილა | 12 | 6 | 3 | 3 | 18:11 | 21 | |
| 3. | სამტრედია | 12 | 6 | 3 | 3 | 14:9 | 21 | |
| 4. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
| 5. | მერანი | 12 | 5 | 3 | 4 | 11:9 | 18 | |
| 6. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
| 7. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
| 8. | დინამო ბათუმი | 12 | 5 | 2 | 5 | 11:11 | 17 | |
| 9. | მეტალურგი | 12 | 4 | 4 | 4 | 15:14 | 16 | |
| 10. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
| 11. | შუქურა | 12 | 3 | 5 | 4 | 12:15 | 14 | |
| 12. | გურია | 12 | 3 | 5 | 4 | 12:20 | 14 | |
| 13. | სიონი | 12 | 3 | 3 | 6 | 11:17 | 12 | |
| 14. | ვიტ ჯორჯია | 12 | 3 | 2 | 7 | 11:14 | 11 | |
| 15. | კოლხეთი | 12 | 2 | 4 | 6 | 9:15 | 10 | |
| 16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.







