საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში მედლები უკვე გათამაშდა. დღეს, სპორტკომპლექს “არენას” მთავარ დარბაზში 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდნენ ქვეყნის ჩემპიონ-პრიზიორები. გადაჭედილი ტრიბუნების წინ, ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრებიც გავიდნენ და მაყურებლებმა არაერთი საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იხილა.
დღის მთავარი ინტრიგა 73 კილოგრამის შიდა კონკურენცია იყო, რომელშიც სხვებთან ერთად სამი გამოცდილი ძიუდოისტიც ჩაერთო. საბოლოოდ სამივე პოდიუმზე ავიდა. საქართველოს ჩემპიონი პირველ ნომრად განთესილი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა, რომელმაც ფინალის გზაზე ოთარ კაციაშვილი, ანზორ ხმიადაშვილი, გიორგი კაციაშვილი და ფრიდონ გიგანი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მეგობარს ტიტული დაპირისპირების გარეშე დაუთმო.
შავდათუაშვილი სატურნირო ბადეში ზებედა რეხვიაშვილის მხარეს მოხვდა. მათი გზები ნახევარფინალში კვეთდა ერთმანეთს და ასეც მოხდა. ურთიერთდაპირისპირების ძირითადი დრო უილეთოდ გაილია. ფინალის საგზურის ბედი კი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც რეხვიაშვილმა მერვე წუთის მიწურულს მიიღო. მსაჯმა ჩათვალა, რომ იგი მეტოქესთან შედარებით პასიური იყო. ამ გადაწყვეტილებამ ზებედა რეხვიაშვილი ისე გააბრაზა, რომ რეპეშაჟის ფინალში ჭიდაობაზე უარი თქვა, მაგრამ საქმეში ნაკრებისა და ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ ტატამზე ისევ გავიდა. ზვიად კაპანაძის წინააღმდეგ აბსოლუტურად უხასიათოდ იჭიდავა და მეორე წუთიდან შეხვედრის ბოლო წამებამდე შიდოთი აგებდა, მაგრამ ზედ საფინალო სირენისას მაინც მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ვაზარის შესრულება და ბრინჯაო გაინაღდა. პოდიუმის მესამე საფეხურზე მასთან ერთად გიგანი ავიდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში ომარ ნიაზაშვილს აჯობა.
უმსუბუქეს წონაში შიდა კონკურენციაში არ ჩართულა მთავარი ფავორიტი, ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი პირველობების პრიზიორი ამირან პაპინაშვილი, რომელსაც მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს. პაპინაშვილი მაინც აპირებდა ჭიდაობას, მაგრამ ხელი მუხლის ტრავმამ შეუშალა. მის არყოფნაში საქართველოს პირველობა წაუგებლად ლაშა გიუნაშვილმა ჩაამთავრა. სწორედ მან ჩაუკეტა ოქროსკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში ქვეყნის შარშანდელ ჩემპიონ ლუხუმ ჩხვიმიანს, ეფექტური სუფთა გდებით. იქამდე ალეკო ქვრივიშვილი, რამაზ გუგულაშვილი და ბეთქილ გულბანი ჩამოიშორა. ფინალში კი პაატა მერებაშვილს ორ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა.
მესამე ადგილები გულბანმა და გიორგი ბროლაშვილმა დაიკავეს. პირველმა “ბრინჯაოს ფინალში” თორნიკე ნაგლიაშვილს აჯობა, ხოლო მეორემ – ჩხვიმიანს.
66 კილოგრამის პირველი ნომერი – საქართველოს შარშანდელი პირველობის ფინალისტი გიორგი ქალდანი ამჯერად მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც თორნიკე თათარაშვილთან შიდოთი დამარცხდა. დამამშვიდებელ ეტაპზე კი პირველივე შეხვედრა წააგო, გიორგი გუგულაშვილთან და შესაბამისად, მედლის გარეშე დარჩა.
ქალდანის მომგები თათარაშვილი ნახევარფინალში მინდია ლილუაშვილმა შეაჩერა. ამ უკანასკნელს კი ფინალში ვაჟა მარგველაშვილმა აჯობა.
მარგველაშვილი ლილუაშვილს შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე გაფრთხილებით უგებდა, მაშინ, როდესაც მეტოქემ ფეხში შესვლის წესი დაარღვია და მსაჯმა იგი უმალ მოხსნა. ფინალამდე ვაჟა მარგველაშვილმა ივანე ქურასბედიანი, გელა ლიპარტელიანი, კახა ცაგარელი და ბექა შავდათუაშვილი დაამარცხა.
რეპეშაჟის ფინალში გუგულაშვილმა ბექა შავდათუაშვილს სძლია, ტრისტან ფეიქრიშვილმა – თათარაშვილს.
ხვალ “არენას” ტატამზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში მოჭიდავე ძიუდოისტები გავლენ. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
8 ნოემბერი
60 კგ
1 ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი)
2 პაატა მერებაშვილი (აჭარა)
3 ბეთქილ გულბანი (იმერეთი)
3 გიორგი ბროლაშვილი (თბილისი)
66 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)
2 მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)
3 გიორგი გუგულაშვილი (გურია)
3 ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა)
73 კგ
1 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
2 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი)









