BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებული საქართველოს დრიფტის ჩემპიონატი ხუდადოვზე ყველაზე აზარტული შეჯიბრით დასრულდა. პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში, დრიფტის ფინალი აღმართზე სვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატის რიგით მეხუთე ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 10 პროფესიონალი და 20-ზე მეტი მოყვარული დრიფტერი ეჯიბრებოდა.
დრიფტის 5-ეტაპიან საქართველოს ჩემპიონატზე ოთხი შეჯიბრი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა, ფინალის ადგილად კი ყველაზე სახიფათო - ხუდადოვის ტრასა შეირჩა.
„ეს იყო ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და ექსტრემალური ფინალი - შეჯახებები, მწყობრიდან გამოსული ავტომობილები, ბოლში გახვეული ტრასა, უამრავი მაყურებელი, შეძახილები, შოუ და ემოცია. მაქსიმალური ზომები მივიღეთ, რომ შეჯიბრი უსაფრთხოდ ჩატარებულიყო. რაც მთავარია, მრბოლელებს რთული ამოცანის დაძლევა მოუწიათ - ქალაქის პირობებში, აღმართში დრიფტით სვლა პირველად მოხდა და ამ გამოწვევას ბიჭებმა ღირსეულად უპასუხეს.“ - აცხადებს BMW Club Georgia-ს დამფუძნებელი გიგი ტუღუში.
დრიფტში გამარჯვებულებს საწვავის სახით პრიზები კომპანია რომპეტროლმა გადასცა. BMW Club-მა კი ისინი ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
პროფესიონალთა კლასში პირველ ადგილზე დაძაბული შეჯიბრის შედეგად BMW Club-ის წევრი ირაკლი ბერულავა გავიდა. მას 500 ლარი პრემია და 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი გადაეცა. მეორე ადგილზე გავიდა ასევე კლუბის წევრი გუგა კირვალიძე, მან 300 ლარი და 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი მიიღო. მესამე ადგილი ირაკლი ფიფიამ მოიპოვა, მას 100 ლარი და 50 ლიტრი საწვავი ერგო.
რაც შეეხება მოყვარულებს, პირველი ადგილი ასევე კლუბის წევრმა ვახო ხურციძემ მოიპოვა, მას 150 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი გადაეცა. 100 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერით დაჯილდოვდა ალექსანდრე ხეროდინაშვილი და მესამე ადგილზე გავიდა ზაალ სიფრაშვილი, რომელმაც 50 ლიტრი რომპეტროლის EFIX-S სუპერი მიიღო.
ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია 14 ნოემბერს მათე მოტორსის ახალ პავილიონში გაიმართება, ორგანიზატორები, დაჯილდოვებისას ავტოგამოფენას და საინტერესო სანახაობას გეგმავენ. წლის მთავარ ღონისძიებას 4 საუკეთესო დიჯეი გაუძღვება.







