საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ამა თუ იმ ქვეყნის არბიტრებს სხვა დროსაც უმსაჯიათ და ამჯერად, ცენტრალური შეხვედრის გაძღოლა მალტელთა ბრიგადას ანდეს.
“დილას” ტრავმების გამო ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი და ფორვარდი ბაჩანა არაბული აკლდნენ. გუნდის კაპიტანი ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე და ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე დისკვალიფიცირებულნი არიან. ასევე, დისკვალიფიკაციის ვადა არ გასვლია მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს, ხოლო “სამტრედიასთან” მატჩი ბოლო იყო, რომელიც გორელებმა უმაყურებლოდ ჩაატარეს. თუმცა, შიდაქართლელთა ქომაგები სტადიონის უკან მდებარე შენობის კედლებზე კვლავ ჩამოსხდნენ და გუნდს შეძახილების გარდა, დოლის ბრაგუნით ამხნევებდნენ.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ფეხბურთელი იყო, რომლებსაც თავის დროზე “დილაში” უთამაშიათ: გრიგოლ დოლიძე, დავით კვირკველია, გიგა ბეჭვაია და ბრაზილიელი რამოსი.
17 ნოემბერს, “დილამ” და “სამტრედიამ” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალის პირველი მატჩები ჩაატარეს და სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენეს. “დილამ” სახლში “კოლხეთს” ვერ მოუგო (0:0), ხოლო “სამტრედიამ” სტუმრად ბათუმის “დინამოსთან” წააგო (1:4).
მატჩამდე ორივე გუნდს 21-21 ქულა ჰქონდა და გორელები მე-2 ადგილზე გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით იმყოფებოდნენ. უშუალო დაპირისპირება “დილამ” მოიგო, “სამტრედიას” 3 ქულით გაასწრო და “დინამოს” მიუახლოვდა.
მატჩის დასაწყისში პარტნიორის პასის მერე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილს ბურთი რომ გაეჩერებინა, გიორგი ბეგაშვილთან პირისპირ გავიდოდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა რომელსაც სასტარტოში თამაში იშვითად უწევს, ვერ ივარგა. მალევე, შეტევაში ლაშა ჯაფარიძე ჩაერთო, რომელიც ორ მეტოქეს გაექცა და დაარტყა - ბეგაშვილმა ბურთი ხელებში უპრობლემოდ დააფიქსირა.
სამტრედიელთა პირველივე შეტევა ძალიან სახიფათო აღმოჩნდა და გრიგოლ დოლიძის შორი მანძილიდან დარტყმის შემდეგ, მასპინძლები გოლის გაშვებისგან გიორგი სომხიშვილმა იხსნა, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია. “სტანდარტული” რევაზ გეწაძემ მოაწოდა და გორელი მცველის მიერ მოგერიებული ბურთი ისევ მას მიუვიდა – სტუმართა ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მის მიერ გაკეთებული პასი სომხიშვილმა ჩაჭრა.
ტაიმის შუაწელში “დილას” კარის წინ მყოფ გეწაძეს ბურთი მოწინააღმდეგის თავიდან მიუვიდა, მაგრამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა – სამტრედიელთა მარცხენა გარემარბის დარტყმული მიზანს ასცდა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ჭეჭელაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი “სამტრედიას” საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჩასულმა გურამ ადამაძემ მახვილი კუთხიდან თავით უზუსტოდ ითამაშა.
ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მასპინძლეთა კონტრშეტევა მოდებაძემ წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე რომან ახალკაცი მოძებნა, ამ უკანასკნელის გადაცემის მერე, მოდებაძემ კარიდან გამოსულ ბეგაშვილს დაასწრო და დაარტყა, თან წაიქცა. გორელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
გორელთა მორიგი კონტრიერიშის დროს, ირაკლი მოდებაძემ სტუმართა მეკარესთან მარტო ახალკაცი დატოვა, მაგრამ “დილას” ნახევარმცველმა ბურთი ხელით გაისწორა და ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი სეთურიძემ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და ბეგაშვილი ბურთს დაეუფლა. 63-ე წუთზე, ჭეჭელაშვილმა კუთხური მოაწოდა და სამტრედიელთა მცველის მოგერიებული ბურთი მასვე მიუვიდა – ახალგაზრდა ნახევარმცველმა პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ცენტრალურმა მცველმა ადამაძემ თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის შუაწელში, მოდებაძემ მარჯვენა ფლანგზე გახსნილი ახალკაცი დროულად შენიშნა, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ფორვარდმა ცუდი პასი გააკეთა და ბურთი სომხიშვილს დარჩა. მატჩის დასრულებამდე ბევრი დრო არ რჩებოდა, რომ ჯაფარიძემ მარცხენა ფლანგიდან დიაგოლანლური პასი მისცა “დილას” საჯარიმოში გახსნილ სეთურიძეს, რომელმაც თავით დაარტყა და ბურთი კარს გადასცდა.
საპასუხო შეტევაში გიორგი გაბედავამ მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და საჯარიმოს მოსადგომებიდან დაარტყა – სომხიშვილმა ნახტომში ბურთი პირით ხაზს იქით უკუაგდო.
მატჩის მიწურულს გიორგი ერისთავი შეტევის მარცხენა ფლანგზე გიგა ბეჭვაიას გასცდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ცუდად ითამაშა და ანგარიში ვერ გაზარდა.
მილოვან მატიასევიჩი: “ვულოცავ გამარჯვებას ჩემ გუნდს. თამაშამდე ვიცოდით, რომ “სამტრედიას” კარგი შემადგენლობა ჰყავს. გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი აჩვენეს, გოლის გასატანად კიდევ გვქონდა ორი-სამი მომენტი. 5 დღის მერე თასზე გვიწევს თამაში, ხოლო შემდეგ ორ მატჩს ჩემპიონატში ჩავატარებთ. ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ.”
სამტრედიის მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე პრესკონფერენციაზე არ მოსულა, ხოლო კლუბის სპორტულმა დირექტორმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ სამტრედიელ ფეხბურტელებს უფრო მეტი პოტენციალი აქვთ და ისინი იბრძოლებენ, რომ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაკავონ.
დილა (გორი) – სამტრედია 1:0 (0:0)
17 ნოემბერი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
დილა: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ადამაძე, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, წიქარიძე, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი (სადაღაშვილი, 81), ახალკაცი (ერისთავი, 77), მოდებაძე (კ) (ბუზალაძე, 90+2).
მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: მილოვან მატიასევიჩი.
სამტრედია: ბეგაშვილი, ბაკურაძე (ილია კერძევაძე, 74), პაჭკორია, კაკუბავა, კვირკველია, გიორგი დათუნაიშვილი (მელქაძე, 66), დოლიძე, გეწაძე (გაბედავა, 46), გორგიაშვილი, ბეჭვაია, ლეონარდო.
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე.
გოლი: ადამაძე (63)
გაფრთხილებები: კაკუბავა (9), გორგიაშვილი (13), ახალკაცი (36), წიქარიძე (41), ბაკურაძე (52)
მთავარი მსაჯი: მარკო ბორგი (შვედეთი).
21 ნოემბერი
მერანი (მარტვილი) –კოლხეთი (ფოთი) 0:0
ვიტ ჯორჯია (მცხეთა) – მეტალურგი (რუსთავი) 0:2 (0:2)
გოლები: 0:1, 0:2 დავით გელაშვილი (7, 39)
დინამო (ბათუმი) – სიონი (ბოლნისი) 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (24), 1:1 ამირან მუჯირი (61), 2:1 თეიმურაზ შონია (79)
53-ე წუთზე ამირან მუჯირმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი
22 ნოემბერი
სპარტაკი (ცხინვალი) – შუქურა (ქობულეთი)
თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 14:00
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ.ფიფია, ზ. ბერულავა, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (“შუქურა”)
ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი
ქუთაისი, “ცენტრალური.” 14:00
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ი.უკლება, ა.კრიჭაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ხ.გაგნიძე (2 დამ.ასისტენტი), დ.სანოძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ვალერი აბრამიძე (“ტორპედო”)
ზუგდიდი – დინამო (თბილისი)
ზუგდიდი, “ბაიას ბაზა.” 14:00
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, დ.ჩიგოგიძე, ი.მაჩიტიძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
გურია – ჩიხურა (საჩხერე)
ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე” 14:00
მსაჯები: ლ.კვარაცხელია, გ.ჩიგოგიძე, ზვ.ერქვანია, ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: დენის დობროვოლსკი (“ჩიხურა”)
| 1. | დინამო (თბ) | 12 | 8 | 2 | 2 | 23:9 | 26 | |
| 2. | დილა | 13 | 7 | 3 | 3 | 19:11 | 24 | |
| 3. | სამტრედია | 13 | 6 | 3 | 4 | 14:10 | 21 | |
| 4. | დინამო (ბთ) | 13 | 6 | 2 | 5 | 13:12 | 20 | |
| 5. | სპარტაკი | 12 | 6 | 2 | 4 | 12:18 | 20 | |
| 6. | მეტალურგი | 13 | 5 | 4 | 4 | 17:14 | 19 | |
| 7. | მერანი | 13 | 5 | 4 | 4 | 11:9 | 19 | |
| 8. | ჩიხურა | 12 | 5 | 3 | 4 | 13:12 | 18 | |
| 9. | ზესტაფონი | 12 | 4 | 5 | 3 | 24:15 | 17 | |
| 10. | ტორპედო | 12 | 3 | 6 | 3 | 13:12 | 15 | |
| 11. | შუქურა | 12 | 3 | 5 | 4 | 12:15 | 14 | |
| 12. | გურია | 12 | 3 | 5 | 4 | 12:20 | 14 | |
| 13. | სიონი | 13 | 3 | 3 | 7 | 12:19 | 12 | |
| 14. | ვიტ ჯორჯია | 13 | 3 | 2 | 8 | 11:16 | 11 | |
| 15. | კოლხეთი | 13 | 2 | 5 | 6 | 9:15 | 11 | |
| 16. | ზუგდიდი | 12 | 2 | 4 | 6 | 7:15 | 10 |
მეგოლეები:
9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.







