გარკვეულ ტრადიციად იქცა ქუთაისის “ტორპედომ” პრინციპული საშინაო პაექრობა მძიმე სათამაშო ამინდის ფონზე ჩაატაროს. იმერული დერბის წინ ქუთაისში რამდენმე დღე ძლიერი ქარი ქროდა. ზედ მატჩის წინ კი წვიმა წამოვიდა, რომელმაც ქარის სიძლიერე მეტნაკლებად შეანელა.
“ტორპედო”-“ზესტაფონის” დაპირისპირებას ოპტიმალური შემადგენლობით უფრო სტუმრები შეხვდნენ. ქუთათურებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სათასო პაექრობაში მარტვილის “მერანი” უშანსოდ დაამარცხეს, ფეროელებთან დუელში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდათ. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩს მართლაც საკმაო დატვირთვა გააჩნდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უხვგოლიანობით გამოირჩა, რასაც ვერ ვიტყვით მომენტებზე. თითქმის ყველა შეტევა გუნდებმა გატანილი გოლით დაასრულეს. მატჩის დებიუტში თავი ზესტაფონელებმა გამოიჩინეს, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან ილურიძემ მეტოქის საჯარიმოში ქუთაისელი მცველებისაგან მიტოვებულ სარდალიშვილს ზუსტად უპასა. “ზესტაფონის” ნახევარმცველის პირველი დარტყმა თებიძემ მოიგერია, მაგრამ შემტევმა ისევ დაამატა და ანგარიშიც გაიხსნა - 0:1.
ამის შემდეგ თამაში თანაბრად მიმიდინარეობდა და გუნდებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში არაფერი დასამახსოვრებელი შეუქმნიათ. 22-ე წუთზე ბაბუნაშვილმა და ფიფიამ ცენტრალური ნაწილის მარჯვენა მხარეს ოსტატურად გაითამაშეს ბურთი და შოთამ მამასახლისს გადაცემა გაუკეთა. ქუთაისელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი ბურთიანად მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა. მას მარცხენა ფლანგზე კარგად ეხსნებოდა ჩიკვილაძე, რომლისკენაც რენე ფერეირა გადავიდა. მამასახლისმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ბურთი თავად წაიღო და მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოებულმა მოჭრილი დარტყმით პავლოვიჩს შანსი არ დაუტოვა. სერბი კიპერის ნახტომი ამაო გამოდგა. მამასახლის მცდელობა კი ლეგენდარული პერუელი თეოფილე კუბილასის დარტყმას მოგვაგონებდა – 1:1.
ანგარიშის გათანაბრებიდან დიდი დრო არ გასულა, როდესაც ფეროელებმა დაწინაურება ისევ მოახერხეს. 26-ე წუთზე გაგოშიძის გადაცემის შემდეგ შეტევის მარცხენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა ჭანტურიშვილი, რომელმაც მოხდენილი ფინტით ორი მეურვე “მოტეხა” და საჯარიმოში მცველებისაგან თავდახსნილ ილურიძეს ზუსტად უპასა. გიორგიმ ბოძებული შანსი მაღალ ნახტომში, შესანიშნავი თავური დარტყმით გამოიყენა. ქუთაისელთა მეკარეს ამ მომენტში კარის გადარჩენის შანსი არ ჰქონია – 1:2. მასპინძლებს უმალვე შეეძლოთ ანგარიშის გაქვითვა, როდესაც მამასახლისმა დაახლოებით 7-8 მეტრიდან თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, ასხლეტილზე კი ბაბუნაშვილს მართებდა თავით გატანა, მაგრამ მისი დარტყმული პავლოვიჩს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. 35-ე წუთზე კი გელაშვილის ფლანგურ ჩაწოდებაზე აშკარად შეცდა თედორე გრიგალაშვილი, რომელმაც მეკარისთვის თავით ბურთის დაგდება ცადა უხეიროდ. ფაქტობრივად, პავლოვიჩს ბურთის მოგერიება დაჭირდა, დამატებაზე კი მამასახლისი იყო ჩასაფრებული და ახალგაზრდა ნახევარმცველმა დუბლი გაიფორმა – 2:2.
ერთი ტაიმისთვის თითქოს საკმარისი გოლები იყო გასული, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ ზესტაფონელები, რომლებმაც მორიგი შეტევა ისევ გოლად აქციეს. თავის შეცდომა გამოასწორა გრიგალაშვილმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ზუსტად ჩაუწოდა დვალს და გამოცდილმა ფორვარდმა ერთი შეხებით თებიძეს დაასწრო და თავისი გუნდი ისევ წინ გაიყვანა – 2:3. სწორედ ეს ანგარიში დაფიქსირდა ტაიმებს შორის შესვენებაზე.
მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და თუ პირველ ტაიმში მომენტების ნაკლებობას ვუჩიოდით, მეორე ტაიმში სახიფათო შეტევები უხვად იყო. სამაგიეროდ, პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. თავდაპირველად ჩაკვეტაძის თავური იყო სახიფათო სტუმართა კართან, თუმცა გაცილებით რეალური მომენტი დვალს შეექმნა, რომელიც ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. 64-ე წუთზე ბაბუნაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ყველაზე მაღლა ჩაკვეტაძე ახტა, რომლის თავური პავლოვიჩმა გაჭირვებით მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მყოფ ოთარ კვერნაძეს ხელი ვეღარავინ შეუშალა და ფორვარდმაც გაიტანა – 3:3.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, რომლებმაც უფრო მეტი ხიფათი შექმნეს მოწინააღმდეგის კართან. განსაკუთრებით აქტიური იყო ოთარ კვერნაძე, რომელიც 67-ე წუთზე ძალიან ახლოს იყო წინ გაეყვანა თავისი გუნდი, მაგრამ მისი ახლო მანძილიდან შემობრუნებით დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოდგა. რამდენიმე წუთში კი ტანმაღალი ფორვარდის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ზესტაფონელთა კარის ხარიხამ უკუაგდო. ამ მომენტებს შორის აუცილებლად ლევან შარიქაძის საჯარიმო დარტყმაც უნდა აღინიშნოს, რომელიც თებიძემ თავგანწირულ ნახტომში მოიგერია, დამატებაზე კი ზესტაფონელთაგან ვერავინ ივარგა. ისე ცოტა ხანში შარიქაძე ისევ ურტყამდა ძლიერად სტანდარტულიდან, მაგრამ თებიძემ ამჯერადაც გადაარჩინა საკუთარი გუნდი.
თამაშის დარჩენილ დროში ტორპედოელთაგან ყველაზე აქტიური ისევ კვერნაძე იყო, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მეტოქეთა მცველებს ძალიან უჭირდათ. რამდენიმეჯერ ოთარმა კარგი სოლო რეიდი მოაწყო, რომლებიც კარში დარტყმებითაც დასრულდა, მაგრამ ფორვარდის მცდელობებს სიზუსტე აკლდებოდა ხოლმე. რაც შეეხება “ზესტაფონს”, მატჩის ეპილოგში ჭანტურიშვილის სახიფათო დარტყმა უნდა გამოიყოს. თამაშში ორივე გუნდის სამარქაფოები აქტიურად ჩაებნენ. ფანცულაიამ და კაპანაძემ თითო მცდელობა განახორციელეს მოწინააღმდეგის კარის დასალაშქრად, თავის მხრივ კარგები იყვნენ ჩაკვეტაძე, მარკოზაშვილი და გოგიჩაიშვილი. ერთიანობაში, თვალსასეირო და უხვგოლიანი პაექრობა ლოგიკურად და სამართლიანად დასრულდა ფრედ – 3:3
გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “ძალიან ლამაზი და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. ასეთი შეხვედრები ამშვენებენ ეროვნულ პირველობას. მადლობა ქომაგებს, რომელთა მხარდაჭერას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვგრძნობდით. დაცვაში ხარვეზები გამოჩნდა, რომლის აღმოფხვრასაც სათასო მატჩამდე შევეცდებით”.
რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “შეიძლება ითქვას დღეს შემტევებმა მცველები და მეკარეები დაჩაგრეს. მართლაც ლამაზი თამაში ვიხილეთ. მოსაგები ორივე გუნდს ჰქონდა. აშკარად გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეს არც მიკვირს, ახლადშექმნილ გუნდს მეტი შეთამაშება ჭირდება, რათა სათამაშო რგოლებს შორის მეტი ჰარმონია იგრძნობოდეს”.
“ტორპედო” – “ზესტაფონი” 3:3 (2:3)
22 ნოემბერი. 14:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1000 მაყურებელი
“ტორპედო”: თებიძე, გელაშვილი, მახვილაძე (გოგიჩაიშვილი, 56, კვერნაძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე, ქებურია (ჩადუნელი, 46), ბაბუნაშვილი, ფიფია (მარკოზაშვილი, 65), მამასახლისი.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, გაგოშიძე, ხიდეშელი, რენე ფერეირა, ჭანტურიშვილი, შარიქაძე მიქელთაძე, 90+1), გვალია, თედორე გრიგალაშვილი, სარდალიშვილი, დვალი (კაპანაძე, 72), ილურიძე (ფანცულაია, 65).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლი: 0:1 სარდალიშვილი (6), 1:1 მამასახლისი (22), 1:2 ილურიძე (26), 2:2 მამასახლისი (35), 2:3 დვალი (38), 3:3 კვერნაძე (64).
გაფრთხილება: შარიქაძე (55), სარდალიშვილი (59), ჩადუნელი (73), გვალია (83), კვერნაძე (86).
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)
| 1. | დინამო თბილისი | 13 | 9 | 2 | 2 | 25:10 | 29 | |
| 2. | დილა | 13 | 7 | 3 | 3 | 19:11 | 24 | |
| 3. | სპარტაკი | 13 | 7 | 2 | 4 | 13:18 | 23 | |
| 4. | სამტრედია | 13 | 6 | 3 | 4 | 14:10 | 21 | |
| 5. | დინამო ბათუმი | 13 | 6 | 2 | 5 | 13:12 | 20 | |
| 6. | მეტალურგი | 13 | 5 | 4 | 4 | 17:14 | 19 | |
| 7. | მერანი | 13 | 5 | 4 | 4 | 11:9 | 19 | |
| 8. | ჩიხურა | 13 | 5 | 4 | 4 | 15:14 | 19 | |
| 9. | ზესტაფონი | 13 | 4 | 6 | 3 | 27:18 | 18 | |
| 10. | ტორპედო | 13 | 3 | 7 | 3 | 16:15 | 16 | |
| 11. | გურია | 13 | 3 | 6 | 4 | 14:22 | 15 | |
| 12. | შუქურა | 13 | 3 | 5 | 5 | 12:16 | 14 | |
| 13. | სიონი | 13 | 3 | 3 | 7 | 12:19 | 12 | |
| 14. | ვიტ ჯორჯია | 13 | 3 | 2 | 8 | 11:16 | 11 | |
| 15. | კოლხეთი | 13 | 2 | 5 | 6 | 9:15 | 11 | |
| 16. | ზუგდიდი | 13 | 2 | 4 | 7 | 8:17 | 10 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)
4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ჩისკო (დინამო თბილისი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.







