ბლოგი

10:22 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლ გასკოინი - უბედური და მარადიული!

მოდით ნუ ვიქნებით ბანალურები და ნუ ვიტყვით, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია. ნურც იმას ვიტყვით, რომ კაცმა არასოდეს იცის ხვალ რა მოელის და ადამიანთა ბედის განსაზღვრა შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ, ან არაფერი ვთქვათ, მაგრამ ამით დიდი შეღავათი ნამდვილად არ მიეცემა ჩემი თაობის ჭეშმარიტ კუმირსა და მე თუ მკითხავთ, ბოლო დროის საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელს, პოლ გასქიონს, რომელიც ახლა ისეთ დღეშია ჩავარდნილი, რა გულქვაც უნდა იყოს კაცი - მაინც შეეცოდება.

სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, პოლი ფულისმოყვარეობითა და ანგარებით ადრეც არ გამოირჩეოდა და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სულ გაუბედურდა. მისი ისედაც მცირეოდენი დანაზოგი ერთ-ერთმა ბანკმა პროცენტ-პროცენტ გამოუჭამა, ყოფილმა ცოლმა დარჩენილი ფულიც წაჰგვარა და დღეს ერთ დროს ევროპის მინდვრების მპყრობელი პოლი უფულო, უსასოო და ალკოჰოლიზმით შეპყრობილი საცოდავი კაცია, რომელსაც დახმარება არავისთვის უთხოვია და არც ახლა აპირებდა ამის გაკეთებას, მაგრამ კარგ ხალხს ამქვეყნად მართლაც რა დალევს...

პოლის უბედურების ამბავი საზოგადოებას ამ ცოტა ხნის წინ პირველად ლონდონის “არსენალის“ ფრანგმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ამცნო და მიუხედავად იმისა, რომ იგი გასქოინს არც ისე კარგად იცნობს, ყველას მოუწოდა, ლეგენდარულ ბრიტანელს გვერდში დაუდგნენ და არც მცირეოდენი თანხა დაიშურონ მისი პრობლემების მოსაგვარებლად. საკუთრივ ვენგერმა პოლის ანგარიშზე 25 ათასი ფუნტი ჩარიცხა, “არსენალიც“ ერთ მაგდენს გამოვიდა და მხოლოდ ამის შემდეგღა გაიკრეს ჯიბეზე ხელი სხვა ადამიანებმა.

გადარეული “გაზას“ ორგანიზმი ალკოჰოლიზმს იმდენად დაუუძლურებია, რომ როგორც ექიმები ამბობენ, ანალიზებს რომ დავეყრდნოთ, მოხუცი ადამიანის მაჩვენებლები აქვსო. მართლაც რომ სწორედ ახლა უნდოდა ამ კაცს შველა და გასახარია, რომ აგროვებული თანხებით მოხერხდა გასქოინის სპეციალურ საავადმყოფოში მოთავსება, სადაც თავის დროზე არაერთი ცნობილი მსახიობი და როკ-ვარსკვლავი იკურნებოდა ნარკომანიისა თუ სხვა უბედურებებისგან. როდესაც პოლი საავადმყოფოში მიჰყავდათ, მედიასთან საუბარში ერთადერთი ის მოახერხა, რომ მადლობა მოახსენა მისთვის ფულის ჩამრიცხავთ და ბოლოს ხუმრობით თქვა: სანამ სავადმყოფოში წამიყვანდეთ, არ იქნებოდა ურიგო, ეს ამბავი ვისკით აღგვენიშნაო.

და მაინც, რატომ დაემართა პოლ გასქოინს ასე? რატომ აქამდე არ გამოჩნდა ხსნა და საშველი მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად? ამ კითხვებზე ყველას შეიძლება განსხვავებული პასუხები გვქონდეს, მაგრამ რასაც ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი, დევიდ სიმენი ამბობს, ალბათ ყველაზე მეტადაა ჭკუასთან ახლოს. “პოლს ყველა გიჟად თვლიდა და ავადმყოფობაც მისი სიგიჟის მხატვრული გაფორმება გვეგონა. ახლა კი ვიცი, რომ პოლ გასკოინს ყოველთვის ძალიან უჭირდა. ჩვენ კი ამას ადრე ვერ ვხვდებოდით“.

პოლ გასკოინი ჯერ ახალგაზრდა კაცია და მიუხედავად იმისა, რომ ექიმები “სიბერეს აბრალებენ“, ყველას გვჯერა, რომ იგი კიდევ დიდხანს იცოცხლებს. ამ გადარეულმა, მაგრამ უბედური ბედის მქონე კაცმა წლების წინ თავისი დიდებული თამაშით დაგვიმტკიცა, რომ გენიალურობა მარადიულია!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164654