იტალიის სერია A-ს მე-14 ტური ორი შეხვედრით გაგრძელდა. ორივე შეხვედრა დაძაბული და ლამაზი სანახავი გამოდგა. გარდა იმისა, რომ შეხვედრები ერთნაირი შედეგით დასრულდა, არც ანგარიშში დაფიქსირებულა განსხვავება.
თავდაპირველად რომში “სტადიო ოლიმპიკოზე” ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა “რომამ” კარგ ფორმაში მყოფი “სასუოლო” მიიღო. მატჩი მასპინძელთათვის შოკის მომგვრელად დაიწყო და 18 წუთის შემდეგ, უკვე 0:2 აგებდნენ. ანგარიში მე-15 წუთზე მორგან დე სანკტისის უხეში შეცდომის შემდეგ, სიმონე ძაძამ გახსნა. ვეტერანი მეკარე ბურთის მოედნის ცენტრისკენ დარტყმას სცდილობდა, როცა ძაძა მას ფეხებში ჩაუვარდა და ბურთიც ცენტრის ნაცვლად რომაელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. სამი წუთის შემდეგ კი იტალიის ნაკრების ფორვარდმა მისიროლის შესანიშნავი პასი შეირგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა აუღელვებლად გაიტანა. თითქოს რომაელთა მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 61-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მოედნიდან დანიელე დე როსი გააძევა, თუმცა ასე არ ფიქრობდა, “მგლების” სერბი ლეგიონერი ადემ ლიაიჩი, რომელმაც მატჩის ბოლო 18 წუთში ძაძას მსგავსად დუბლი შეასრულა და “რომა” მარცხისაგან იხსნა. ლიაიჩმა ჯერ 78-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული საეჭვო თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად, ხოლო მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ალესანდრო ფლორენცის დაბალი გადაცემა ერთი შეხებით გადაგზავნა ანდრეა კონსილის კარში. აღსანისნავია, რომ ეს ეპიზოდიც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, რადგან დი ფრანჩესკოს შეგირდები ფლორენციზე თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ითხოვდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. “რომამ” “იუვეს” წაფორხილებით ვერ ისარგებლა და “ბებერ ქალბატონს” ისევ 3 ქულით ჩამორჩება.
დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს “ტორინო” და “პალერმო” დაუპირისპირდნენ. ამ მატჩს მასპინძელთათვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 5 ტური გამარჯვება არ მოეპოვებინათ. თუმცა “გრანატამ” ვერც მე-6 ჯერზე შეძლო ნავსის გატეხვა. მეტიც, მიუხედავად სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობისა, მხოლოდ ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა. ანგარიში სიცილიელთა ნახევარმცველმა ლუკა რიგონიმ მე-16 წუთზე გახსნა, რომელმაც პაულო დიბალას და ანდრეა ბელოტის კარგი თამაშის შემდეგ იხეირა. მასპინძლებმა გათანაბრება 33 წუთზე შეძლეს. ემილიანო მორეტის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, მარტინესმა კარგად ითამაშა და ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიატანა. “ტორინოს” სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 8 წუთის შემდეგ, პირველი გოლის ასისტენტმა დიბალამ კუნძულელები კიდევ ერთხელ დააწინაურა. 20 წლის არგენტინელმა საჯრიმოში მცველებს დაასწრო და თავი ზედიზედ მე-5 შეხვედრაში გამოიჩინა. ჯამპიერო ვენტურას შეგირდები არ დანებდნენ და ანგარიში 63-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრეს. “ტორო” მარცხისაგან პოლონელმა კაპიტანმა კამილ გლიკმა იხსნა, რომელმაც ერთი თვის წინ თავისი ნაკრების შემადგენლობაში თბილისშიც გაიტანა. გლიკმა მარცხენა ფლანგიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ლამაზი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
“რომა” - “სასუოლო” 2:2 (0:2)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; პიანიჩი (კეიტა 72), დე როსი, სტროტმანი (ნაინგოლანი 54); იტურბე (ჟერვინიო 55), დესტრო, ლიაიჩი
მწვრთნელი: რუდი გარსია
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მისიროლი, ტაიდერი, ბრიგი (ბიონდინი 80); ბერარდი (ფლორო ფლორესი 81), ძაძა (ფლოკარი 84), სანსონე
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 0:1 ძაძა (15), 0:2 ძაძა (18), 1:2 ლიაიჩი (78, პენ), 2:2 ლიაიჩი (90)
გაფრთხილებები: პიანიჩი (26), დე როსი (34, 51), ნაინგოლანი (61) - ბერარდი (64), ვრსიალკო (77, 90), პელუზო (86)
გაძევებები: დე როსი (61) - ვრსიალკო (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (4) - 6 (3) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 11:1 გაფრთხილებები: 4:4 გაძევება: 1:1
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“ტორინო” - “პალერმო” 2:2 (1:2)
ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”
“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი (მოლინარო 74), ფარნერუდი (რუბენ პერესი 62), ვივესი, ელ კადური, დარმიანი; მარტინესი (ამაური 78), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, მუნიოსი, გონსალესი; მორგანელა, ჩოჩევი, მარესკა (ბოლცონი 87), რიგონი, დაპრელა (ლაზაარი 15, ემერსონი 51); დიბალა, ბელოტი
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 0:1 რიგონი (16), 1:1 მარტინესი (35), 1:2 დიბალა (43), 2:2 გლიკი (63)
გაფრთხილებები: პერესი (30) - ლაზაარი (30), ჩოჩევი (45), რიგონი (84)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (6) - 5(2) ბურთის ფლობა: 61%-59% კუთხურები: 6:1 გაფრთხილებები: 1:3
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე) - 7, მაურო იკარდი (“ინტერი”) - 7, პაულო დიბალა (“პალერმო”) - 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 7.









