კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ხორხე ლუის პინტო ჰონდურასის ეროვნულ გუნდს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ჰონდურასის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ კალეხასმა თავისი "თვითერის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
კოლუმბიელი სპეციალისტი ერნან მედფორდს შეცვლის. ჰონდურასელი სპეციალისტი წარუმატებელი თამაშის გამო დაითხოვეს. პინტო რეინალდო რუედას და ლუის ფერნანდო სუარესის შემდეგ მესამე კოლუმბიელია, რომელიც ჰონდურასს გაწვრთნის.
ხორხე ლუის პინტომ კოსტა რიკა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მეოთხედფინალში გაიყვანა. კოლუმბიელის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი წაუგებლად ჩაატარა, მეოთხედფინალში მომავალ ბრინჯაოს პრიზიორთან ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან თერთმეტმეტრიანების სერია დათმო.







