მექსიკის დედაქალაქის მეხიკოს კლუბი "ამერიკა" ქვეყნის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა. მეხიკოელებმა ფინალში ორრაუნდიან მატჩში ქალაქ სან ნიკოლას დე ლოს გარსას გუნდი "ტიგრესი" დაამარცხეს.
პირველ მატჩში 12 დეკემბერს "ვეფხვებმა" გუერონის გოლის წყალობით მეტოქე 1:0 დაამარცხეს. განმეორებით შეხვედრაში ეკვადორელმა აროიო მინამ 36-ე წუთზე "ამერიკა" დააწინაურა. 61-ეზე უპირატესობა მექსიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პაბლო აგილარმა გაზარდა - 2:0.
აგილარის გოლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ორმატჩიან სერიაში გამარჯვებული "ამერიკა" ხდებოდა და მატჩი ისე დაიძაბა, მსაჯმა "ტიგრესის" სამი ფეხბურთელი 9 წუთში გააძევა. ბოლო გაძევებიდან ოთხ წუთში პარაგვაელმა მცველმა პერალტამ მატჩის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
პარაგვაელის გოლს ერთ წუთშივე კიდევ ერთი გაძევება მოჰყვა, ოღონდ ამჯერად "ამერიკას" მენდოსა გაუგდეს. მთავარმა არბიტრმა ამ შეხვედრაში ჯამში 7 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა. ამ გუნდების პირველი შეხვედრაც დაძაბული გახლდათ, მაშინ არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს 9 ყვითელი ბარათი მისცა.







