ფეხბურთი

15:47 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯებთან არაერთგვაროვანი საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

მატჩების “ჩაწყობაში” ეჭვმიტანილ მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება მომავალი წლის 22 იანვარს გაფორმდება. ეს საკითხი ოთხშაბათს საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გაირკვა. პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით გადაიდო, რადგან გარკვეული ტექნიკური დეტალები მოსაგვარებელი იყო.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განმარტებით, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება არაერთგვაროვანი იქნება.

იმ მსაჯებს, რომელთაც ბრალი ერთ ეპიზოდში აქვთ წარდგენილი, 9-თვიანი პატიმრობა, 3-წლიანი პირობითი პატიმრობა და 3000 ლარი ჯარიმის გადახდა განესაზღვრათ.

ორ არბიტრს, რომელთაც ბრალი არაერთ ეპიზოდში ედებათ, უფრო მკაცრი სასჯელი დაეკისრათ. მაგალითად, ოთარ ხეცაძე გისოსებს მიღმა ერთ წელს გაატარებს, 3 წელი პირობითი მსჯავრდებული იქნება და 15 000-ლარიან ჯარიმას გადაიხდის.

მამუკა ურუშაძის სასჯელი ხეცაძის მსგავსია, უბრალოდ თანხაშია განსხვავება – ის 10 000 ლარს გადაიხდის.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით არბიტრები 2 წლის განმავლობაში ვერ იმსაჯებენ.

ოთარ ხეცაძე, ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა (ყველა ეროვნული კატეგორიის არბიტრები), ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი (პირველი კატეგორია), ონისე მოლოდინაშვილი (ეროვნული კატეგორიის ასისტენტი) და თორნიკე გვანცელაძე (ფიფას არბიტრი), მიმდინარე წლის 24 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მსაჯები 2500-დან 5000-მდე ამერიკული დოლარის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ მატჩებზე ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ასრულებდნენ კიდეც.

თეგებიმსაჯები
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087729