რესტორან “ქალაქურის” საკონფერენციო დარბაზში კახა ცხადაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კონტრაქტი გააფორმეს, რომლის თანახმად ჩვენი ეროვნული საფეხბურთო გუნდის ახალი მწვრთნელი ნაკრებს 23 მარტს მალტასთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო 29 მარტს გერმანიასთან ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გასამართ შეხვედრაში გაუძღვება. 2015 წლის 1-ელი ივნისიდან კი ცხადაძესთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება (2017 წლის მიწურულამდე) და კახა ბაქოს “ინტერში” აღარ იმუშავებს - მხოლოდ საქართველოს ნაკრებს უხელმძღვანელებს.
ჩვენი ეროვნული გუნდის უახლოეს 2 მატჩში ცხადაძის ნაკრების თავკაცად დანიშვნა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც “ინტერის” ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს ოფიციალურად მისცა თანხმობა, რომ ქართველ სპეციალისტს, კლუბის პარალელურად, ნაკრებში მუშაობაში ხელს არ შეუშლიდა.
კახა ცხადაძე: “დიდი მადლობა ყველას ასეთი თბილი მიღებისთვის. ყოველმხრივ შევეცდები, ნაკრები კრიზისიდან გამოვიყვანო. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ რთული სიტუაციიდან გამოსვლას ერთად შევეცადოთ. მსურს მივმართო ფეხბურთელებს. ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე თამაში შეუძლიათ. მინდა მადლობა გადავუხადო “ინტერის” საპატიო პრეზიდენტ ჯაჰანგირ გაჯიევს, რომელთან შეხვედრის შემდეგ ნაკრებში მუშაობის საშუალება მომეცა. ჩემთვის ყველაზე დიდი სამწვრთნელო თანამდებობა ეროვნულ ნაკრებში მუშაობაა, რადგან საშუალება მეძლევა სამშობლოს ვემსახურო. ასაკის მიუხედავად, ნაკრებში ყველა იმ ფეხბურთელს მივიწვევ, რომელიც კონკრეტული თამაშისთვის მზად იქნება. 1-ელი ივნისიდან მხოლოდ ნაკრებში ვიმუშავებ და პოლონეთთან მატჩამდე ევროპაში ერთკვირიან შეკრებას გავივლით”.









