პირველი დიდი გამარჯვება მაინც განსაკუთრებულია, 18 ნოემბერი ოქროს ასოებითაა შესული ქართული ფეხბურთის ისტორიაში – როცა თბილისის “დინამო” პირველად გახდა ვეებერთელა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ტაშკენტის “ოქროს მატჩიდან” 48 წელი გასულა, იმ თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი ილია დათუნაშვილი, ახლა 75 წლისაა და “მსოფლიო სპორტთან” საუბარში იხსენებს ძველ ამბებს.
“დინამოს” მანამდე, 1953 წელს, საბჭოთა “დერჟავამ” ცხვირწინ წაართვა მოპოვებული ჩემპიონობა და მოგებული მატჩი გადაათამაშებინეს. 1964-ში კი, თბილისის “დინამომ” და მოსკოვის “ტორპედომ” 46-46 ქულა დააგროვეს. “ოქროს მატჩი” უნდა გამართულიყო და შეხვედრის ადგილად უზბეკეთის დედაქალაქი შეარჩიეს.
90-წუთიანი ბრძოლა 1:1 დასრულდა და ვინ იცის, თბილისელებს დამატებით დრომდე ვერც მიეყვანათ საქმე, რომ არა დათუნაშვილის სასწაული გოლი კუთხურიდან – ალამთან დადო ბურთი და პირდაპირ კარში ჩაახვია. მერე კი დაიწყო ვარსკვლავური ნახევარი საათი, რომელშიც ჯერ დათუნაშვილმა, შემდეგ მიხეილ მესმა და ბოლოს სლავა მეტრეველმა, ყველა კითხვის ნიშანი წაშალეს – 4:1.
დათუნაშვილი: - ყველანი სასწაულ განწყობაზე ვიყავით. რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული შიში, რომ ცუდად გვიმსაჯებდნენ, რაც მანამდე ბევრჯერ მომხდარა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად წარიმართა. საქმე ისაა, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი გადაყენებული იყო და იმ პერიოდში იმდენს ვერ გვიბედავდნენ. ჩვენი ხელმძღვანელობაც ჯიქურ მიაწვა, რომ რუსი მსაჯი არ დაენიშნათ. არბიტრად ლატვიელი მიკელის რუბენისი დაინიშნა და როგორც იცით, ტაშკენტის თამაშის შემდეგ, სამი წლით აუკრძალეს უმაღლეს ლიგაში მსაჯობა.
- ეს ფაქტი ცნობილია, თუმცა რა დროს მსაჯია, როცა ანგარიში 4:1-ია? ბრალად რა დასდეს?
- “ტორპედომ” თამაშგარედან გაგვიტანა. რუბენისი გოლს თვლიდა, თუმცა გვერდით მსაჯს ალამი აწეული ჰქონდა. ჩვენი კაპიტანი შოთა იამანიძე რუბენისს მივარდა, ნახე, გვერდითმა თამაშგარე დააფიქსირაო. გოლი გაუქმდა და სამართლიანადაც. ეს ხელზე დაიხვიეს. შემდეგ, რუბენისი წვეულებაზე ჩამოვიდა ჩვენთან და გვითხრა, ეჰ, რა ვქნა, პატიოსნად ვიმსაჯე, მაგრამ დამსაჯესო...
- 0:1-ს აგებდით და თამაშის დასრულებამდე 17 წუთი რჩებოდა. ამ დროს, კუთხურიდან ჩაახვიეთ... პირდაპირ კარში დარტყმა, რამ მოგაფიქრათ?
- პირდაპირ კუთხურიდან მანამდეც მქონდა გატანილი, თუმცა რა თქმა უნდა, ტაშკენტურს ვერცერთი ვერ შეედრება მნიშვნელობით.
- დამატებითი დროის დაწყებისთანავე, მეორე გოლი გაიტანეთ. გაიხსენეთ ის მომენტი.
- მიშა მესხი ფლანგიდან ცენტრისკენ შემოიჭრა, ორ მცველს შორის გამიჭრა ბურთი. საჯარიმოში ვიყავი, ძლიერად დავარტყი და ბურთი მაღალ კუთხეში გავიდა. ამის შემდეგ კი, გეგონება, ფრთები გამოგვესხაო, ზედიზედ ვუტევდით. მესხმა მესამე შეაგდო, ბოლოს კი, ტორპედოელმა ხელით ითამაშა საჯარიმოში, პენალტი დაინიშნა და სლავა მეტრეველმა გამოიყენა.
- ტაშკენტელი გულშემატკივრები, უფრო ვის უჭერდნენ მხარს?
- ჩვენ. ეს იგრძნობოდა.
- “ტორპედოს” ფეხბურთელებმა მოგილოცეს? საერთოდ, რუსული კლუბების მოთამაშეებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. ერთმანეთს პატივს ვცემდით, მინდორზე კი, რა თქმა უნდა, არ ვინდობდით.
- მატჩისშემდგომ ემოციებზეც გვითხარით. რა ხდებოდა ტაშკენტში?
- დაჯილდოვების შემდეგ, იმავე ღამეს გამოვფრინდით თბილისში და ზღვა ხალხი დაგვხვდა აეროპორტში. ფეხით სიარულის უფლებას ვინ მოგცემდა, ხელში აგვიტაცეს...
- საქართველოს რესპუბლიკის მთავარობამ როგორ დაგიფასათ ეს გამარჯვება?
- დიდი პატივი გვცეს. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ მიგვიღო. თითოეულს გვაჩუქეს ოქროს საათი, რომელიც 1600 მანეთი ღირდა. ამასთან, კონვერტებით გადმოგვცეს ფული. მაშინ ცოლი არ მყავდა, მაგრამ დაოჯახებას ვაპირებდი. სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გიორგი სიხარულიძემ ეს იცოდა. 2-ოთახიანი ბინა მქონდა და ბიჭებმა მითხრეს, მთავრობის ხალხს გააგებინე, რომ ბინა გჭირდებაო. სიხარულიძემ მჟავანაძეს უთხრა ჩემი ამბავი და მანაც მაშინვე გასცა ორდერი – 3-ოთახიანი ბინა მომცეს საბურთალოზე. რა თქმა უნდა, 2-ოთახიანი ჩავაბარე.
1964. 18 ნოემბერი. 18:00 საათი. ტაშკენტი. “ფახთაქორის” სტადიონი. 70000 მაყურებელი
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (მოსკოვი) 4:1 (ძირითადი დრო 1:1)
დინამო: კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, რეხვიაშვილი, ცხოვრებოვი, ზეინკლიშვილი, გიორგი სიჭინავა, იამანიძე (კაპ), მეტრეველი, დათუნაშვილი, ბარქაია, მესხი.
ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, მეშჩერიაკოვი, შუსტიკოვი, სარაევი, მარუშკო, ვორონინი, სოლოვიევი, ივანოვი (კაპ) (სიდოროვი 63), შჩერბაკოვი, სერგეევი.
გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1, 2:1 დათუნაშვილი (73, 92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107 პენ).
მსაჯი: მიკელის რუბენისი (რიგა).
ილია ნანობაშვილი









