საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ესპანურ “ლაბორალ კუჩაში” მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ბასკეთის წარმომადგენელმა ბექა ბურჯანაძის ყოფილი კლუბი “ბალონკესტო სევილია” 100:60 გაანადგურა, შენგელია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
თორნიკე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 19:32 წუთს, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო.
განსაკუთრებული ყურადღება ამ ბოლო კომპონენტს მიაქციეთ. თოკოს საჯარიმოების სროლის დროს პრობლემები ჰქონდა და აღნიშნულმა თავი სანაკრებო მატჩების დროსაც იჩინა, ბოლო თამაშებია კი, შენგელია საჯარიმოებს თითქმის 100%-იანი სიზუსტით ისვრის.
საბოლოოდ, თორნიკემ 16 ქულა მოაგროვა, რასაც 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიაყოლა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, არცერთხელ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
საინტერესოა, რომ პირველი მეოთხედის თავზე თოკოს უკვე 12 ქულა ჰქონდა, თუმცა, მასპინძელთა უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, გუნდის მთავარ მწვრთნელ იბონ ნავაროს ერთ-ერთი ლიდერი დიდად აღარ დაუტვირთავს.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ფერნანდო სან ემეტერიოს (24) ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 16 ქულას 7 მოხსნა და 2 პასი წაამატა. 14 ქულა ჩააგდო ლატვიელმა დავის ბერტანსმა.
“ლაბორალ კუჩამ” 6 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და 18-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. ბასკური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს, 30 დეკემბერს, სტუმრად, გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ჩაატარებს. 2 იანვარს კი, შენგელიას და მის თანაგუნდელებს, ევროლიგის ტოპ-16-ის ეგიდით, თურქულ “ანადოლუ ეფესთან” დაპირისპირება ელით.







