“ენფილდ როუდზე” გუშინ ინგლისის პრემიერლიგის 2014 წლის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც “ლივერპულმა” უელსური “სუონსი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.
მერსესაიდელებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს. პირველი მომენტი მე-5 წუთზე მარტინ შკრტელს შეექმნა, მაგრამ ცენტრალური მცველის თავურს ფაბიანსკი გაუმკლავდა. მე-13 წუთზე პოლონელმა კიპერმა უკვე რაჰიმ სტერლინგს აჯობა, ხოლო დამატებაზე ადამ ლალანამ ააცილა. 33-ე წუთზე “გედებს” ვეღარც ფაბიანსკიმ უშველა, ჯორდან ჰენდერსონმა ალბერტო მორენოს შესანიშნავად ჩაუწოდა, რომელმაც სამიოდე მეტრიდან დალაშქრა მეტოქის კარი. 36-ე წუთზე უკვე კოუტინიო ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ მახვილი კუთხიდან ძელს გაარტყა, ხოლო 45-ე წუთზე მისი შორეული გასროლილი ფაბიანსკიმ უკუაგდო.
მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, ვილფრიდ ბონის თავური მინოლემ დააფიქსირა ხელებში. 51-ე წუთზე კი, ფაბიანსკიმ იქამდე შესანიშნავ თამაშს ხაზი გადაუსვა და ბავშვური შეცდომა დაუშვა. მან მოგერიებისას ბურთი პირდაპირ ლალანას გაარტყა და ანგარიშის სხვაობა გააზრდევინა. უელსელებს ყურები არ ჩამოუყრიათ და ბრძოლა განაგრძეს, რამაც შედეგი ზუსტად 1 წუთში გამოიღო – მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით სტუმრებმა ისარგებლეს და სიგურდსონმა ახლო მანძილიდან დალაშქრა მინოლეს კარი. 54-ე წუთზე “წითლებმა” შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს, მაგრამ სტერლინგს არ გაუმართლა და მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. 61-ე წუთზე ადამ ლალანამ დუბლი გაიფორმა, მან ბრწყინვალედ ითამაშა, ორ მეტოქეს აუარა გვერდი და შორეულ კუთხეში გაუტანა ფაბიანსკის. შეხვედრას საბოლოო წერტილი ყოფილმა “ლივერპულელმა” ჯონჯო შელვიმ დაუსვა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა და ყოფილ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში მიეხმარა – 4:1.
ამრიგად, პრემიერლიგის 2014 წლის ბოლო შეხვედრაში “ლივერპულმა” იმარჯვა და ოდნავ გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. “წითლებმა” 28 ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილამდე აინაცვლეს. მერსესაიდელები ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი ნამდვილად არაა.
პრემიერლიგის მომდევნო ტური 1 იანვარს ჩატარდება.
ლივერპული – სუონსი 4:1 (1:0)
ლივერპული, “ენფილდი”
ლივერპული (3-4-3): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, მორენო, მანკილიო, ლეივა, ჰენდერსონი, ლალანა (მარკოვიჩი 77), სტერლინგი (ბალიტელი 83), კოუტინიო (ბორინი 90).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რიჩარდსი (რანხელი 46), შელვი, ბრიტონი (კი 67), სიგურდსონი, დაიერი, რუტლიჯი, ბონი (გომისი 63).
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლები: 1:0 მორენო (33), 2:0;3:1 ლალანა (51;61), 2:1 სიგურდსონი (52), 4:1 შელვი (69 ს.კ.).
გაფრთხილებები: შკრტელი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 21(11)-11(4), ჯარიმა: 8-5, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-7
ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 14. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 13. ჩარლი ოსტინი (ქპრ) - 12. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 10. პაპის სისე ("ნიუკასლი") - 9. ვილფრიდ ბონი ("სუონსი") - 8.









