გეორგი აგზამოვის სახელობის მემორიალს ბოლო ტურის წინ ერთბაშად 5 ლიდერი ჰყავს, რომელთა აქტივში 6.5-6.5 ქულაა. დამატებითი მაჩვენებლებით, ისინი ამგვარად არიან განლაგებულნი: 1. აბიჯეეტ გუპტა (ინდოეთი, 2619), 2. იური კუზუბოვი (უკრაინა, 2648), 3. მიხეილ მჭედლიშვილი (საქართველო, 2621), 4. პაველ სმირნოვი (რუსეთი, 2626), 5. არმან პაშიკიანი (სომხეთი, 2626).
მე-8 ტურში მჭედლიშვილმა შავი ფიგურებით ყაიმი გუპტასთან გააფორმა და ლიდერთა შორის ადგილი შეინარჩუნა, დასკვნით პარტიას კი თეთრებით პაშიკიანის წინააღმდეგ ჩაატარებს. კუზუბოვი სმირნოვს ეთამაშება, ხოლო გუპტა – ოლეგ კორნეევს (ესპანეთი, 2618).
შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 4 ათასი ერგება, სულ კი, თანხა 12 მოწინავეზე გადანაწილდება.









