საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სოფიაში მიმდინარე დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოდის. მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ ბულგარეთში თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა იახლა და სამდღიანი ტურნირის პირველი ორი დღის შემდეგ ქართული გუნდის ანგარიშზე 5 მედალია. აქედან 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ჩემპიონები ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და სოსო ჯაბიძე (96 კგ) გახდნენ. მანუჩარ ცხადაია (74 კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) მესამე ადგილზე გავიდნენ.
წინასწარი გეგმით, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიასაც მშობლიურ წონით კატეგორიაში - 74 კილოგრამში უნდა ეჭიდავა, მაგრამ ერთი წონით მაღლა – 84-ში გავიდა ხალიჩაზე და საწყის ეტაპზევე დამარცხდა. ასევე სამეულს მიღმა დარჩნენ რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (ორივე 120 კგ).
ტურნირის დასკვნით დღეს – 5 თებერვალს საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ქემალ ხარაბაძე (55 კგ) და პაატა ბაკურიძე (66 კგ) ჩაერთვებიან.







