ყველაზე მეტყველი სურათი: “ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ ვეღარ გაუძლო თამაშის ყურებას და მეორე ნახევრის შუაში პრესლოჟიდან წავიდა. ძალიან უსუსური იყო ჟერარდ სარაგოსას გუნდი და “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. 5:0 კითხვებს აღარ ტოვებს.
ვიტელებმა წინა ტურში თბილისის “დინამოს” სძლიეს, ეს კი შემთხვევით არ ხდება და დღეს მცხეთაშიც დაამტკიცეს, რომ საკმაო ძალას წარმოადგენენ. ზურაბ ბერიძის გუნდს ექვსეულში შესვლის კარგი შანსი გაუჩნდა, აი, “ტორპედოს” კი ისედაც მძიმე მდგომარეობა უარესად დაუმძიმდა. ქუთათურებმა ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყეს, ერთ დროს ლიდერობდნენ კიდეც, შემდეგ კი საოცარი სახეცვლილება დაიწყო – რეგრესი, ზედიზედ წაგებული მატჩები.
რატომღაც, სიბრაზეც არ ეტყობოდათ “ტორპედოს” ფეხბურთელებს. ერთადერთი მოკლე მონაკვეთი, როცა “ტორპედომ” ასე თუ ისე შეუტია და მეტოქის ნახევარზე მყარად მოიკიდა ფეხი, მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი იყო. თუმცა, მეკარე ნიკა დაუშვილი სერიოზულად ერთხელაც არ შეწუხებულა. დაუშვილს მხოლოდ 89-ე წუთზე მოუწია რთული ბურთის მოგერიება (თორნიკე კაპანაძე ურტყამდა).
... “ვიტ ჯორჯია” მე-6 წუთზევე დაწინაურდა, როცა ნიკა მაისურაძის პასის შემდეგ, ლევან კუხალეიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტადაც დაარტყა – 1:0. ტაიმის შუაში, გიორგი ჯანელიძეს ოდნავ არ გაუმართლა: ჯარიმის უფლება მოიპოვა, თავად დაარტყა და ხარიხას მოახვედრა ბურთი.
სისწრაფეში ვიტელები სჯობდნენ მეტოქეს, შესაბამისად გუნდური თამაშიც უკეთ გამოსდიოდათ და ტაიმის ბოლოს 2:0 გახდა. აკაკი წყაროზიამ მარცხენა ფლანგზე გაილაღა, მეკარის ბაქანთან გააკეთა პასი, იქ კი “ტორპედოს” დაცვამ ინერტულად ითამაშა, გიორგი ჯანელიძე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და რბილი დარტყმით გაიტანა გოლი.
მეორე ნახევრის საწყის მონაკვეთზე ვთქვით, შემდეგ კი ისევ მოუმატა “ვიტ ჯორჯიამ”. შეცვლაზე შესულმა ელგუჯა ლობჯანიძემ გააწამა დაცვა, ყველა ბურთს იღებდა და სამ კაცშს შორის მოქცეულიც ინარჩუნებდა. ლობჯანიძემ პირველ ჯერზე ოდნავ ააცილა კონტრშეტევისას, მეორე შანსი კი გამოიყენა: 75-ე წუთზე წყაროზიას პასის შემდეგ, ერთი მცველი საჯარიმოში მოძრაობაზე დაიჭირა და დაბალი დარტყმით 3:0 გახადა ანგარიში.
ბოლო წუთებში კი “ტორპედო” მთლად მოიშალა და ვიტელები, ნება-ნება თამაშობდნენ. მეოთხე ბურთი მარცხენა მცველმა ნოდარ იაშვილმა შეაგდო: ჯანელიძის პასის შემდეგ, მარცხნიდან შესულმა ერთი მცველი მოატყუა და შორეულ კუთხეში ჩახვეული დარტყმით გაიტანა – 4:0. ეს ყველაზე ლამაზი გოლი იყო მატჩში.
ბოლოს კი ისევ ლობჯანიძემ შეინარჩუნა ბურთი მცველების გარემოცვაში, საჯარიმომდე იარა, იქ კი ნიკა სიჭინავას დაუგორა, რომელმაც 14-15 მეტრიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი – 5:0.
სხვათა შორის, პირველ წრეში “ტორპედომ” “ვიტ ჯორჯიას” 4:1 სძლია, ასე რომ, ბერიძის გუნდმა რევანში აიღო.
მატჩის შემდეგ:
ჟერარდ სარაგოსა: “არ ვიცი, რა დაემართა გუნდს. ადრე უფრო კარგად იგებდნენ ფეხბურთელები ჩემს ნათქვამს. ძალიან გვჭირდებოდა ეს შესვენება, რომელიც დღეიდან დაიწყება ჩემპიონატში. იმედია, მენტალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ფეხბურთელებს ძალიან წაადგებათ ეს შესვენება და სხვაგვარად დაბრუნდებიან”.
ზურაბ ბერიძე: “მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს. მართლაც კარგად ითამაშეს. ამავდროულად, ძალიან ვაფასებ ქუთაისელებს და მინდა, რომ მათ წარმატება ვუსურვო. რა მოხდება შესვენებისას და როგორი შემადგენლობა გვეყოლება, ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით: რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება, თუმცა მათ შენარჩუნებას შევეცდებით და ასევე, დამატებაც განიხილება. ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე. კარგად იცით ის თემა, რაც ჩემპიონატში კლუბების დაფინანსებას შეეხება. ასე რომ, ველოდებით”.
19.12.2013. მცხეთა. “მცხეთა პარკი”. 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 5:0 (2:0)
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, მჭედლიშვილი (იაშვილი 39), კასრაძე, ადამაძე, გეთიაშვილი, წყაროზია, ნიკა მაისურაძე, ჯანელიძე, კორიფაძე (ღიბრაძე 65), სიჭინავა, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე 58).
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე.
ტორპედო: ქვილითაია, ჭანტურია, ზაზა ჭელიძე (გაბაძე 19), სანდოხაძე, მთივლიშვილი, ცინცაძე, გიგაური, კუხიანიძე, ფირცხალავა (კაპანაძე 63), გოროზია (ფანცულაია 80), ბარაბაძე.
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.
გოლები: 1:0 კუხალეიშვილი (6), 2:0 ჯანელიძე (40), 3:0 ლობჯანიძე (75), 4:0 იაშვილი (82), 5:0 სიჭინავა (86).
გაფრთხილება: ფირცხალავა (38), მაისურაძე (71), ღიბრაძე (78).
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 გიორგი რეხვიაშვილი (47), 1:1 გიორგი განუგრავა (80)
გაძევება: გიორგი რეხვიაშვილი (90)
მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გიორგი მერებაშვილი (24), 0:2 დარკო გლიშიჩი (72)
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 0:0
18 დეკემბერი
ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 შოთა ლომია (78)
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)
| 1 | დინამო | 18 | 13 | 3 | 2 | 42:13 | 42 |
| 2 | ჩიხურა | 18 | 10 | 5 | 3 | 35:22 | 35 |
| 3 | დილა | 18 | 7 | 7 | 4 | 23:15 | 28 |
| 4 | გურია | 18 | 9 | 0 | 9 | 20:25 | 27 |
| 5 | სიონი | 18 | 7 | 6 | 5 | 22:19 | 27 |
| 6 | მეტალურგი | 18 | 7 | 5 | 6 | 23:23 | 26 |
| 7 | ზესტაფონი | 17 | 7 | 4 | 6 | 19:15 | 25 |
| 8 | ვიტ ჯორჯია | 18 | 7 | 4 | 7 | 25:23 | 25 |
| 9 | ტორპედო | 18 | 6 | 4 | 8 | 19:24 | 22 |
| 10 | სპარტაკი | 17 | 4 | 2 | 11 | 13:24 | 14 |
| 11 | ზუგდიდი | 18 | 3 | 5 | 10 | 8:24 | 14 |
| 12 | მერანი | 18 | 4 | 1 | 13 | 14:36 | 13 |
მეგოლეები:
12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)
9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)
8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)







