ზუსტად 50 წელი გვაშორებს იმ დღეს, როდესაც ნიუ იორკის ლეგენდარულ სპორტულ დარბაზში - “მედისონ სკვერ გარდენში” როკი მარჩიანომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჯო ლუისი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შინარჩუნა. ეს ორთაბრძოლა დღემდე კრივის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პაექრობად რჩება. მთელი სპორტული სამყარო ხსენებული დაპირისპირების მოლოდინით იყო, კრივი კი, მოლოდინისამებრ, დაუნდობელი გაჩაღდა.
გამოცდილმა ჯო ლუისმა იცოდა, თუ როგორ უნდა დაემარცხებინა როკი და ყოველ რაუნდში მეტოქეს მარცხენა ხელით თავში ურტყამდა. ასეთი ძლიერი “ჯებების” შემდეგ, ნებისმიერი მოკრივე შეწყვეტდა წინააღმდეგობას, მაგრამ არა როკი, რომელმაც ბოლომდე გაუძლო. ახალგაზრდა მეტოქის შეუდრეკელობამ “შავი ბომბარდირი” წყობიდან გამოიყვანა, ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ კი არბიტრებმა გამარჯვება და მასთან ერთად პლანეტის უძლიერესი მოკრივის ტიტული კიდევ ერთხელ მარჩიანოს მიანიჭეს, რომელიც ისე იყო დასახიჩრებული, რომ ორთაბრძოლის შემდეგ, 2 კვირის განმავლობაში ქუჩაში ვერ გადიოდა.
როკისთვის კიდევ უფრო რთული გამოცდა აღმოჩნდა ეზარდ ჩარლზთან შეხვედრა, რომელიც მანამდე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა. ეზარდმა ცხვირი დაუზიანა მარჩიანოს. მსაჯი მზად იყო, რომ ბრძოლა შეეწყვიტა და ეს უკანასკნელი დამარცხებულად გამოეცხადებინა. “ნუ გააკეთებთ ამას, მწყობრში ვარ. მომეცით საშუალება, რომ თუნდაც კიდევ 2 რაუნდი ვიბრძოლო”, - უთქვამს როკის. მისდა საბედნიეროდ, პაექრობა გააგრძელეს და მარჩიანოს დამანგრეველი დარტყმების შემდეგ ჩარლზი რინგიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი გაუტანიათ.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული როკი მარჩიანომ 1952 წელს ჯერსი ჯო უოლკოტთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ეს მატჩი ფილადელფიის სტადიონზე 40 ათასზე მეტი მაყურებლის თანდასწრებით შედგა. საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ბილეთები გაიყიდა, რაც იმ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ. ხალხი მარჩიანოს გამარჯვებაზე დებდა ფულს. თავად უოლკოტსაც ესმოდა, რომ 38 წლის ასაკში შეუდრეკელი მარჩიანოს მხრიდან დაუნდობელ შემოტევებს 15-ვე რაუნდის განმავლობაში ვერ გაუძლებდა. ამიტომ, როგორც კი, რეფერიმ ორთაბრძოლის დაწყების ნიშანი მისცა, ვეტერანი მოკრივე უმალვე შეუდგა საქმეს და ახალგაზრდა მოწინააღმდეგეს აქტიურად შეუტია. უკვე ერთ წუთში როკი ნოკდაუნში აღმოჩნდა, მაგრამ მეოთხე თვლაზევე წამოდგა ფეხზე. პუბლიკა შოკში იყო, ხალხის დიდმა ნაწილმა უკვე გამოიგლოვა მარჩიანოს გამარჯვებაზე დადებული ფსონი. მეორე და მესამე რაუნდები არცთუ ისე სანახაობრივი აღმოჩნდა. მალე ჯერსი ჯომ მეტოქე ისევ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, მაგრამ როკიმ მაინც დაიძვრინა თავი. მეცხრე რაუნდი კიდევ უფრო მძიმე გამოდგა. მწვრთნელმა, ჩარლი გოლდმანმა როკის დაბალი დგომიდან ურჩია ბრძოლის წარმოება. ახალგაზრდა მარჩიანომ დამრიგებლის რჩევა გაითვალისწინა, თუმცა მეტოქემ მისთვის იდაყვით სახეში დარტყმა მაინც მოახერხა. ამის გამო როკის სისხლი წასკდა. შესვენებაზე სეკუნდანტებმა სისხლი შეუჩერეს და მოწინააღმდეგეებმა კვლავ თავდაუზოგავად შეუტიეს ერთმანეთს. მეთორმეტე რაუნდის შემდეგ, ჩარლი გოლდმანს მარჩიანოსათვის უთქვამს: “ახლა ჯო უნდა დააგდო, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები”. მეცამეტე რაუნდში როკიმ მანევრირებას მიმართა, რისი მეშვეობითაც ჩემპიონის მდგომარეობა კარგად შეაფასა. შემდეგ მეტოქე კუთხეში მიიმწყვდია და მარცხენა ხელით მოკლე ძლიერი დარტყმა მიაყენა. უოლკოტი რინგის შუაში გადაადგილებას ცდილობდა, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ახალგაზრდა მოწინააღმდეგის მარჯვენა ჰუკმა მუხლებზე დასცა. პუბლიკა გაირინდა. რამდენიმე წამის განმავლობაში უოლკოტი არ განძრეულა, ხოლო შემდეგ ფართოდ გაშლილი ხელებით ძირს დაეცა. რეფერი ჩარლი დეგერტმა კი, მარჩიანო მსოფლიო მე-19 ჩემპიონად გამოაცხადა. რაც შეეხება ჯერსი ჯოს, ის გონებაზე მხოლოდ ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა. ამის შემდეგ როკი მარჩიანომ ხუთჯერ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
... როკი მარჩიანომ პროფესინალურ რინგზე 49 ორთაბრძოლა ჩაატარა და არც ერთ მათგანში არ დამარცხებულა. ამასთან, მხოლოდ ექვსმა ათლეტმა შეძლო მატჩის ბოლომდე მისი დამანგრეველი დარტყმების გაძლება. დანარჩენები კი, ნოკაუტში აღმოჩნდნენ. თავად როკი მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა ნოკდაუნში.
რინგის მიღმა როკი გულღია, გულისხმიერი ხასიათით გამოირჩეოდა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ის არასოდეს ლანძღავდა მეტოქეებს და ხშირად საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო. როდესაც კარმინო ვინგი ნოკაუტში გაგზავნა (ეს უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში უგონოდ იყო), როკი მას საავადმყოფოში გვერდიდან არ შორდებოდა. ორთაბრძოლისთვის აღებული ჰონორარი კი მთლიანად მას აჩუქა.
გოჩა კაჭარავა









