სერია A-ს 2004/2005 წლების სეზონის მე-18 ტურის შეხვედრა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო კალჩოური მატჩია. მილანის "ინტერი" ნახსენებ სეზონში ამ ტურისთვის წაუგებელი იყო, თუმცა რობერტო მანჩინის გუნდს მოგება ძალიან უჭირდა: 5 მოგება და 12 ფრე, ასეთი იყო "ნერიაძურის" შედეგები.
9 იანვარს "ინტერი" შინ "სამპდორიას" ხვდებოდა. შეხვედრა ისე წარიმართა, რომ მილანური გრანდის პირველი წაგება გარდაუვალი იყო, 88-ე წუთისთვის ტონეტოსა და კუტუზოვის გოლებით გენუელები 0:2 იგებდნენ და "ჯუზეპე მეანცა" უკვე ბევრმა ქომაგს ჰქონდა დატოვებული, როდესაც "ნერიაძურიმ" აფეთქება დაიწყო. ობაფემი მარტინსმა ერთი ბურთი გაქვითა და წასასვლელად გამზადებული გულშემატკივართა კიდევ უფრო დიდი ნაწილი ადგილებზე დააბრუნა. 91-ე წუთზე კრისტიან ვიერიმ ანგარიში გაათანბრა, ხოლო 94-ე წუთზე ალვარო რეკობამ ჩვეული შორეული დარტყმით გაიტანა და "ინტერს" დაუვიწყარი გამარჯვება მოუპოვა.
ამ შეხვედრიდან 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს ეს მატჩი. "ინტერის" ქომაგთა უიმედო სახეები და ბოლოს მოულოდნელი, საოცარი სიხარული. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ჩემპიონატის დიდი მოყვარული არ ვარ, ეს შეხვედრა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრაა, რომელიც ოდესმე მინახავს და შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს დამავიწყდება. მაშინ იტალიის ჩემპიონატს ტელეკომპანია "იმედი" აშუქებდა და ეს პერიოდი კარგად ემახსოვრება გულშემატკივარს, რადგან წამყვანი ჩემპიონატების ლაივ-რეჟიმში ყურება, მაშინ დიდი ფუფუნება იყო და იტალიის პირველობის უპრობლემოდ ნახვა, სასიამოვნო გამონაკლისი გახლდათ.
2004/05 წლების სეზონი. ინტერი-სამპდორია 3:2
გოლები: 0:1 ტონეტო (44), 0:2 კუტუზოვი (83), 1:2 მარტინსი (88), ვიერი (91), 3:2 რეკობა (94).









