იტალიის სერია A-ს მე-18 ტურმა სტარტი ორი შეხვედრით აიღო. თავდაპირველად “სასუოლომ” “უდინეზეს” უმასპინძლა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით “მილანი” “ტორინოს” ესტუმრა.
“ტორინოსა” და “მილანის” მატჩი მასპინძელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ტურინელებს უამრავი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი აქციეს გოლად. შეხვედრაში სტუმრები მალევე დაწინაურდნენ. მე-2 წუთზე ჟერემი მენეზმა ორი მცველი მოატყუა, რის შემდეგაც მასპინძელთა კაპიტანმა კამილ გლიკმა იგი საკუთარ საჯარიმოში წააქცია. დანიშნული თერთმეტმეტრიანი თავად დაზარებულმა აქცია გოლად. ამის შემდეგ მთელი პირველი ტაიმი ჯამპიერო ვენტურას გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გათანაბრებაც არაერთხელ მართებდა. დიეგო ლოპესმა ჯერ ფარნერუდს აურო რთული ბურთი, შემდეგ იოზეფ მარტინესს ერთ-ერთზე აჯობა. ორჯერ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა ემილიანო მორეტიმ, ხოლო მატეო დარმიანის დარტყმა სულაც კარის ძელს მოხვდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი “მილანი” კაცნაკლული დარჩა. პირველივე ტაიმში მატია დე შილიომ შეხვედრის არბიტრს ორი ყვითელი ბარათი დასტყუა, რაც შესაბამისად წითელში გადაიზარდა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს. ფაბიო კვალიარელას უძლიერესი დარტყმა ლამაზ ნახტომში დიეგო ლოპესმა უკუაგდო, ხოლო მარკო ბენასის და მარტინესს მიზანმა უმტყუნეს. საბოლოოდ “ტორინომ” უდიდესი უპირატესობა გოლში 81-ე წუთზე გარდასახა. მარჯვენა ფლანგიდან ომარ ელ კადურის კუთხურის დროს პოლონელმა გლიკმა პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა გამოისყიდა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში – 1:1 დააფიქსირა. ჯამპიერო ვენტურას გუნდს 18 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს, ფილიპო ინძაგის გუნდს კი 26.
კალჩოს მე-18 სათამაშო ტური კი რეჯიო ემილიაში დაიწყო, სადაც “სასუოლომ” “უდინეზე” მიიღო. შეხვედრამ დაძაბულ ორაბრძოლაში ჩაიარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა დაწინაურება მატჩის დასაწყისშივე მაოხერხა. მე-15 წუთზე თავი გუნდის ლიდერმა სიმონე ძაძამ გამოიჩინა, რომელმაც ვრსიალკოს მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ თავით დალაშქრა უდინელთა კარი. მოცემულ ეპიზოდში უნდა აღინიშნოს სტუმარი მცველების პოზიციურად ცუდი თამაში და მეკარე კარნეზისის არადამაჯერებლობა. ანტონიო დი ნატალეს გარეშე მოთამაშე “უდინეზემ” წონასწორობა მალევე აღადგინა. 26-ე წუთზე ბრაზილიელმა ალანმა კარგად ითამაშა და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი სირილ ტერო მოძებნა, ვინაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და ზუსტად დაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი კიდევ სათამაშო დროის ერთ საათზე მეტი იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. “სასუოლომ” 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში “ფიორენტინას” წამოეწია, “უდინეზეს” კი ქულით ნაკლები აქვს და მე-11 ადგილზეა.
ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა და მათ შორის ორი გამორჩეული, “რომა” “ლაციოსა” და “ნაპოლი” “იუვენტუსის” დაპირისპირება დღეს გაიმართება.
“სასუოლო” – “უდინეზე” 1:1 (1:1)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, ლონგი; მანიანელი, მისიროლი, ბრიგი (ფლოკარი 83); ფლორო ფლორესი (სანსონე 71), ძაძა, ბერარდი
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; პირისი, დანილო, დომიცი; ვიდმერი, ალანი, კონე, გილერმე, გაბრიელ სილვა (ჰეტრო 46); ტერო, გეიხო (ფერნანდესი 21)
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: 1:0 ძაძა (15), 1:1 ტერო (26)
გაფრთხილება: ბერარდი (47), ვრსიალკო (49), კანავარო (57) – ვიდმერი (48), ტერო (58)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (3) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 10:4 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: დავიდე მასა
“ტორინო” – “მილანი” 1:1 (0:1)
ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო”
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, გაცი, ვივესი (ელ კადური 57), ფარნერუდი (ბენასი 68), დარმიანი (ლესკანო 81); მარტინესი, კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი; დე შილიო, რამი, მექსე, არმერო; მუნტარი (პოლი 55), დე იონგი, მონტოლივო; ნიანგი (აბატე 45), მენეზი (ალექსი 78), ბონავენტურა
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლები: 0:1 მენეზი (2, პენ), 1:1 გლიკი (81)
გაფრთხილება: გლიკი (16) – დე შილიო (30, 45), ნიანგი (42), ბონავენტურა (85)
გაძევება: დე შილიო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 27 (6) – 8 (1) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 9:0 გაფრთხილება: 1:4 გაძევება: 0:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 11 გოლი, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 9, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) – 9, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 9, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 9, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 9, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 8.









