ევროთასები

15:23 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ადრიან გულა: “მოუთმენლად ველით შეხვედრას საინტერესო მეტოქესთან”

სლოვაკური “ჟილინას” დამრიგებლის, ადრიან გულას პრესკონფერენცია დაგეგმილზე ნახევარი საათით გვიან დაიწყო. მიზეზი ის მრავალფეროვანი ვარჯიში იყო, რომელიც ევროპელმა სპეციალისტმა “ცენტრალურზე” ჩაატარა. საპრესკონფერენციო დარბაზში ადრიან გულა თავის თანაშემწესთან და თარჯიმანთან ერთად მოვიდა. ბუნებრივია, შესავალი სიტყვა სლოვაკმა მწვრთნელმა აიღო:

- ყველას მოგესალმებით. ევროპის ლიგის საინტერესო მატჩი იქნება. მოუთმენლად ველით საინტერესო მეტოქესთან პაექრობას. ჩემი აზრით, ძალზე კარგი სანახაობა იქნება.

- მეტოქის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ?

- ქუთაისის “ტორპედოს” მიერ ავსტრიაში გამართული ორი მატჩი ვნახე. ამასთანავე, ინფორმაცია მივიღეთ საქართველოში მოთამაშე სლოვაკი ფეხბურთელებისგან. ვიცით, რომ გუნდს ესპანელი სპეციალისტი წვრთნის, რომელიც უპირატესობას კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს.

- ყველა ძირითადი ფეხბურთელი მზადყოფნაში გყავთ?

- სიმართლე გითხრათ, მე გუნდში ახალი დანიშნული ვარ მთავარ მწვრთნელად და ჩემთვის ცალსახად ძირითადი ფეხბურთელი არ არსებობს. გუნდში ბევრი მონდომებული ახალგაზრდაა, რომლებიც თავის გამოჩენის შესაძლებლობას ელიან. ტრამვის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ წამოვიყვანეთ – გერგერა, ჩმელიკი, ნრავეცი, დუბჩო და სამხრეთაფრიკელი ნუნესი.

- გუნდების შანსებს როგორ შეაფასებთ?

- წინასწარ პროგნოზების თქმა არ მჩვევია. ბუნებრივია, მოგება გვინდა, იგივე სურვილი გააჩნია მოწინააღმდეგე გუნდსაც. ყველაფერი ხვალ გამოჩნდება.

- სათამაშო არენის საფარით კმაყოფილი თუ ხართ?

- ბალახის საფარი ჩინებულია. სტადიონი მთლიანობაში კარგია, იმედია, ხვალინდელ მატჩზე ტრიბუნებიც შეივსება, რაც თამაშს მეტად მიმზიდველს გახდის. 

- “ჟილინა” ტრადიციულ კონტრშეტევებზე თამაშს თუ აპირებს?

- კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით, მეტოქე უპირატესობას კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებს, ასეთ დროს კი, სხვათა შორის, კონტრშეტევები კარგი იარაღია. ვნახოთ, რომელი სტილიც მოგვიტანს წარმატებას, იმის გამოყენებას შევეცდებით.

0.091985