ამ ზაფხულს იტალიური “რომას” და მთლიანად სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე მყვირალა შენაძენი ბრაზილიელი ადრიანო “ტიფოზებს” ჰპირდება, რომ კარგად მოიქცევა და სკანდალებზე საუბრის საბაბს არ მისცემს. ბევრი ელოდება, ტოტი-ადრიანო-ვუჩინიჩის ტრიო, შესაძლოა, მეტოქეებისთვის მომაკვდინებელი გახდესო.
28 წლის ბრაზილიელისთვის “რომა” მეოთხე იტალიური კლუბია “ინტერის”, “ფიორენტინასა” და “პარმას” შემდეგ. ადრიანომ დედაქალაქელთა “ტიფოზების” კითხვებს უპასუხა...
- როგორ შეეწყვეთ ტოტის? როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა...
- მინდორზე ჯერ უნდა შევთამაშდეთ, ჩვენ ხომ აქამდე ერთ გუნდში არ ვყოფილვართ. თუმცა დარწმუნებული ვარ, მშვენიერი სეზონი გვექნება. ტოტი ცხოვრებაში სასიამოვნო და წყნარი პიროვნებაა, ის ჩემთვის მაგალითია, მისგან ბევრის სწავლა შემიძლია. ჩესკო მინდორზე კონცენტრირებული და სერიოზულია, მის გარეთ კი ხუმრობა და ხალისიანი ლაპარაკი უყვარს.
- “ტრიდენტე” ტოტი-ადრიანო-ვუჩინიჩი. შესაძლებელია ასე თამაში?
- შესაძლებელია, მაგრამ ბევრი მუშაობაა საჭირო, რათა “რომას” დაცვასაც გავუადვილოთ საქმე. ვუჩინიჩთან და ტოტისთან ერთად თამაში მშვენიერი იქნება, “ტიფოზებსაც” ძალიან მოეწონებათ, მაგრამ მე ჯერ კიდევ უნდა შევეწყო მათ მოედანზე, გუნდის სქემებში უნდა ჩავჯდე. აი, მერე უფრო თამამად ვილაპარაკებთ.
- ტოტი ამბობს, ადრიანოს მარტო შეუძლია თამაშის მოგებაო.
- ამის მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ მე ჯერ კიდევ ვეცნობი პარტნიორებს და თუ მწყობრში ვიქნები, გუნდს ძალას შევმატებ. უნდა დავბრუნდე იმ ფეხბურთელად, როგორიც ადრე ვიყავი.
- რას ნიშნავს თქვენთვის “რომა”?
- უკვე ბევრს ნიშნავს. ოჯახივითაა. ბიჭები სულ მეხმარებიან. “რომა” ლამაზად თამაშობს და სწორედ ამიტომ გავაკეთე არჩევანი ამ გუნდზე. აქ ტიტულის მოგებაც შემიძლია. მხიარული გუნდია, მათთან ერთად ხუმრობა და სიცილი მსიამოვნებს, რასაც საერთოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. პარტნიორებთან პრობლემა არც ერთ კლუბში არ მქონია. ამასწინათ ჟულიო სეზარსა და მაიკონს დავურეკე. ისინი ძალიან გაბრაზდნენ, რომ აქ ვარ...
- ბევრი სკეპტიკურად შეხვდა თქვენს “რომაში” მოსვლას. რას ეტყვით მათ?
- სიტყვებით კი არა, თამაშით უნდა ვუპასუხო. “ფლამენგოში” რომ გადავედი, 40 დღე ვერ ვითამაშე და ყველა ალაპარაკდა, ადრიანოს არაფერი შეუძლიაო. თუმცა გამოჩნდა, რომ ცდებოდნენ: ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და “ფლამენგო” რომ 17-წლიანი შესვენების შემდეგ გაჩემპიონდა, ჩემი წვლილიც იყო.
- წონის პრობლემა?
- მინდორზე ვნახოთ. რომ ვთქვა, 10 კილოგრამი დავიკელი, არავინ დამიჯერებს.
- შარშანაც ახლოს იყავით “რომაში” გადმოსვლასთან. აღმოჩნდა, რომ ოდნავ დაგაგვიანდათ.
- კი, მაგრამ “ფლამენგოში” ლიბერტადორესის თასის მოგება მინდოდა, რაც ვერ მოვახერხე. სხვა გუნდებიც მიწვევდნენ, მაგრამ “რომა” ყველას მერჩივნა. ბრაზილია მენატრება თუ არა? ახლა უკვე არა. საერთოდ, არასოდეს არ მინდა ხოლმე წარსულზე ლაპარაკი, ახლა უკვე აქ ვარ და ყველაფერი უნდა დავივიწყო.
- რომის აეროპორტში ათასობით ადამიანი დაგხვდათ.
- დიახ, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
- ხშირად იღიმით – რომი თქვენი შესაფერისი ქალაქია?
- ასეა. ბევრი ვისაუბრე “რომას” ხელმძღვანელობასთან, ტოტისთან, დე როსისთან... ჩვენ ხშირად ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ, ახლა კი ერთად ვართ და ბრწყინვალე სეზონის იმედი გვაქვს. პირველი სამიზნე იტალიის სუპერთასია. აბსოლუტურად მშვიდად ვარ “ინტერთან” თამაშის წინ. “ინტერთან”, სადაც მშვენიერი და საშინელი მომენტებიც გადამიტანია, მაგრამ ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს მქონია. “ნერაძურიშიც” ვგრძნობდი პარტნიორებისგან მხარდაჭერას.
- “რომა” ბრაზილიის ნაკრების კარის გასაღებია?
- დიახ, ნაკრებში დაბრუნება მინდა და იმედი მაქვს, 2014 წლის მუნდიალზე ვითამაშებ, თუმცა საამისოდ “რომაში” ძლიერად თამაშია საჭირო.
- კლაუდიო რანიერიზე რას იტყვით?
- ის მუდამ მეუბნება, რომ მშვიდად ვიმუშაო. მწვრთნელის თანადგომას ვგრძნობ.
- ამ “რომას” სკუდეტოს მოგება შეუძლია?
- ბრწყინვალე გუნდი გვყავს და ნიკოლას ბურდისოც თუ დაგვემატება, კარგი იქნება. სკუდეტოს მოგება შეგვიძლია.
- სინიშა მიხაილოვიჩმმა თქვა – ადრიანო თუ ფორმაშია, ყველაზე მაგარიაო.
- იტალიაში მიხაილოვიჩი ჩემთვის მეორე მამასავით იქცა. მას ვემადლიერები, რადგან ხშირად მეხმარებოდა. სინიშას “ფიორენტინას” საუკეთესოს ვუსურვებ.
- “ინტერმა” გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. არ გწყდებათ გული, რომ იქ არ თამაშობდით?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ იმ პერიოდში სახლიდან შორს ყოფნა არ შემეძლო. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს არ მივტირი “ინტერის” გამო... მოურინიო? ის რომ არა, ბრაზილიაში უფრო ადრე წავიდოდი. ჟოზე ბევრს ითმენდა, ბოლოს კი მიხვდა, რომ მეტი აღარ შემეძლო.
- მოურინიო ამბობდა, რომ თქვენ არა საფეხბურთო, არამედ ცხოვრებისეული პრობლემები გქონდათ. კერძოდ, ალკოჰოლი...
- ცუდად ვიყავი, ფეხბურთისთვის თავის დანებებაც მინდოდა. ბრაზილიაში დაბრუნება და შვილებთან ერთად ყოფნა მინდოდა. ოჯახი დეპრესიიდან გამოსვლაში დამეხმარა. ლოთი რომ ვიყო, აქ ვერ ვიქნებოდი.
- ნოსტალგია დამარცხებულია?
- ადამიანები როდესაც ვეცემით, წამოდგომას ვსწავლობთ. ერთხელ დავეცი და მეტჯერ არ ვაპირებ.
- თანაგუნდელებიდან ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ?
- ჟერემი მენეზი. წარმოუდგენლად ტექნიკურია და ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.
ილია ნანობაშვილი







