ალბათ ყველას შეგხვედრიათ უწყინარი ცრუპენტელები. ანუ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ათასგვარ ტყუილებს აბრეხვებენ, მაგრამ მათი ტყუილები არც ბოროტია და არც ვინმეს უშავებს რამეს. ასეთი ადამიანები აგრესიაზე მეტად ღიმილს იწვევენ და მათი ნათქვამი დაუჯერებელი ტყუილები ხშირად მთელი ცხოვრება გვახსოვს. ერთ ასეთ ცრუპენტელა კაცს მეც ვიცნობდი. მეტსახელად ”აფერისტას” ეძახდნენ, დიდუბეში ცხოვრობდა, მუდამ დიდუბის ავტოსადგურში დაყიალობდა და ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო. სწორედ ამიტომაც, მისი ტყუილებიც ძირითადად ფეხბურთს უკავშირდებოდა. ”აფერისტას” მიერ მოყოლილ ისტორიებში ვინ გინდათ რომ არ ყოფილიყო, მიშა მესხიდან დაწყებული და შანდორ კოშიჩით დამთავრებული. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სულ რაღაც 50-იოდე წლის ”აფერისტა” პერიოდებს ერთმანეთში ურევდა და ხან ისეთი ფეხბურთელის ძმაბიჭობაზე დებდა თავს, რომლის ფეხბურთელობისას თვითონ დაბადებულიც კი არ იყო. ახლა რომ ვფიქრობ, ”აფერისტას” მიერ ნაამბობი ყველა ამბავი სულ ცოტა ცალკე მოთხრობას იმსახურებს. ოღონდ ის არ ვიცი, ეს მოთხრობები რა ჟანრის იქნება...
რამდენიმე წლის წინათ, დგას ავტოსადგურში ”აფერისტა”, აბოლებს იაფფასიან უფილტრო სიგარეტს და მორიგ სასწაულს ყვება: ”საღამოა, ბიჭებს ლუდის დალევა გვინდა, ავაგროვეთ ფული და მე გამიშვეს ბაზარში რამეების საყიდლად. ჰოდა, შევედი თუ არა ბაზარში, რასა ვხედავ! პელე, კაცო! პელე მოდის და ხელში ვაშლებით სავსე ჩანთა უჭირავს. მივედი, მივესალმე. გაუკვირდა – როგორ მიცანიო. მეთქი, შენ ცნობას რაღა უნდა, შე კაი კაცო, მთელი მსოფლიო გცნობს და მე რა, დებილი კი არა ვარ. თურმე მოსკოვში რაღაც თამაში ჰქონიათ და იქიდან შემოუვლიათ საქართველოში. მერე როგორც ხდება ხოლმე, დაულევიათ. ამას გზა არევია და აეგრე ”პახმელიაზე” მყოფი ვიპოვე გორის ბაზარში. იმას იქიდან გავუშვებდი?! ჯერ ხაში მივაყარე, მერე ხარჩო და ძლივს გამოიხედა კაცმა თვალებში! შენ აგაშენა ღმერთმაო – მითხრა. ქართველებზე კარგ ამბებს კი მეუბნებოდნენ და თუ ასეთი კარგები იყავით, ნაღდად არ მეგონაო. შემპირდა, ბრაზილიიდან ვიზას გამოგიგზავნიო, მაგრამ აბა სადღა ექნებოდა ჩემი დრო?!” - რას იტყვით? როგორი ისტორიაა? აი, სულ ასეთ რამეებს ყვებოდა ეს ჩვენი ”აფერისტა” და თუკი ვინმე ჰკითხავდა: ”შენ პორტუგალიური არ იცი, პელემ რუსული და ქართული, მაშ რა ენაზე ელაპარაკებოდიო”, ”აფერისტა” ამ ეშმაკურ სიტყვებს არც კი შეიმჩნევდა და მაინც აგრძელებდა თავისას.
ერთხელ, სტუდენტობის დროს, მეგობრებმა არაგვისპირში წასვლა და ქეიფი გადავწყვიტეთ. სამარშრუტო ტაქსის დაქირავება მე დამევალა. მივედი ავტოსადგურში და ჩემდაჭირად ”აფერისტას” გადავეყარე. იმ ”გაცვეთილმაც” იცოდა, როგორ მიყვარდა მისი ამბების მოსმენა და მეუბნება: ”წამო, ლუდი მასვი, ძმიშვილო და ისეთ ამბებს გეტყვი, რომ ცამ ქუხილი დაიწყოს...” ჩემი სუსტი წერტილიც ეგ იყო. მეგობრების მიერ აკოწიწებული ფულით ლუდი ვიყიდე, ჩამოვჯექით ერთი დახლის ძირში და ამანაც დაიწყო: ”აი, შენა ხო არგენტინა გევასება? აქ მარადონა რომ იყო ჩამოსული, იცოდი (იმ დროს მარადონა თბილისში ჯერ არ იყო ნამყოფი)? მაგაშია საქმე, რო არ იცოდი... შენგელიამ და გუცაევმა ჩამოიყვანეს ჩუმად. აბა, მაშინდელ უშიშროებას ეგ რო გაეგო, ხო დაიჭერდნენ ყველას. ავლაბარში, რესტორანში ვზივარ ჩემთვის და პატარა პურსა ვჭამ. უცებ კარები იღება და მარადონა არ შემოდის კაცო?.. უკან კიდევ გუცაევი და შენგელია მოჰყვებიან. გაიხედეს, გამოიხედეს, საეჭვო ხალხი რომ ვერ დაინახეს, მერე ვოვა გუცაევი ჩემთან მოვიდა და მეუბნება: ”შენ გენაცვალე რა, ეს ამბავი გულში შეინახე, ეშმაკს ხო იცი, არა სძინამს და ამ სტუმარ კაცთან სირცხვილი არა ვჭამოთო”. მეთქი, ”პაჟალუსტა”, რაზეა ლაპარაკი... აუჰ, იქ ამბავი წავიდა... მარა ვერა რაა, ვერ გაქაჩა მარადონამ ქართული სუფრა. აბა ჩვენოდენს რას დალევდა? მხარზე გადაკიდებული წაიყვანეს ბოლოს შენგელიამ და ავლაბრელმა ოთარამ. ამ ამბავს ახლა მარტო შენ გეუბნები და შენ იცი, არავის უთხრა, ბიჭო. გუცაევმა რო გაიგოს, სხვას ვუთხარი, ხო მამეჭრა თავი”. კაცი ასეთ ამბებს ყვებოდა ხოლმე და აბა ლუდზე უარს როგორ ვეტყოდი? არ დამიწყოთ ახლა, ტყუილიაო და ესაო და ისაო. ვიცი, ბატონო, სულ ყველაფერი ტყუილი რომ იყო, მაგრამ ლამაზი, რაღაცნაირი უბოროტო ტყუილები იყო და მეც სიამოვნებით ვიტყუებდი თავს. ”აფერისტა” სულ ბოლოს, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეთევზეებთან ერთად, ახალდაჭერილი თევზის გარჩევაში გართული ვნახე. უსმენდნენ მეთევზეები მის დაუჯერებელ ამბებს და მთელი ხმით თავშეუკავებლად ხარხარებდნენ. მახსოვს, მაშინ მეთევზეებს ალექს ფერგიუსონის თბილისურ ბორდელში ყოფნის ისტორიებს უყვებოდა. ანუ, როგორ წაიყვანა ”აფერისტამ” ”ფერგი” სოლოლაკში ბორდელში და როგორ შეუყვარდა სქოთ მწვრთნელს სომხური წარმოშობის ასული.
წლებია, ”აფერისტა” აღარსად შემხვედრია. ამასწინათ ჩემი მეგობარი ამბობდა, ბათუმში წავიდა, ისევ ჯანზეა და ახლა ბათუმელებს უყვება თავის ”სასწაულებსო”. ცუდ ამბებსაც მოვკარი ყური, მაფრამ არ მინდა, დავიჯერო. ახლაც, როდესაც დიდუბის ავტოსადგურში მივდივარ, სულ აქეთ-იქით ვიცქირები და იმედი მაქვს, რომ კიდევ დავინახავ იაფფასიანი სიგარეტის მბოლებელ ”აფერისტას”, რომელსაც ხანდახან საკუთარი ისტორიების გულრწფელად სჯეროდა.
ლევან სეფისკვერაძე









