აინშტაინიც ფიზიკოსი იყო და ნახალოვკელი თენგიზაც, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში სტუდენტებისთვის ქრთამის გამორთმევის მეტი არაფერი გაუკეთებია. პელეც ფეხბურთელი იყო და იბრაჰიმ ბაც... გასაგებია, რომ თავის საქმეში ყველა აინშტაინი და პელე ვერ იქნება, მაგრამ თუკი ადამიანი პელეობამდე ვერ მიდის და იცის, რომ ვერც ვერასოდეს მივა, იმდენი სინდის-ნამუსი ნამდვილად უნდა ჰქონდეს, რომ ფეხბურთის თამაშისას პელეს ფეხი არ მოსტეხოს. უნიჭობა დანაშული არ არის, მაგრამ აშკარად დიდი დანაშულია, როდესაც უნიჭო, მაგრამ ამბიციური ადამიანები, მათზე უფრო წარმატებულ კოლეგებს ცხოვრებას უმწარებენ. ამას გამართლება არა აქვს!
ფეხბურთის მოყვარულებს არაერთი შემთხვევა ახსოვთ, როდესაც დიდი ფეხბურთელების კარიერა და ჯანმრთელობა მათი მოწინააღმდეგე “კოლეგების” უნამუსობას შესწირვია. არა მგონია, ფეხბურთში და საერთოდ სპორტში, მოწინააღმდეგესთვის ტრავმის განზრახ მიყენებაზე დიდი დანაშული და ბოროტება არსებობდეს ამქვეყნად. თამაშისას მსაჯები, მატჩის შემდგომ კი, ფეხბურთის მმართველი ბიძები, ცუდი საქციელის ჩამდენ ფეხბურთელებს ხშირად სჯიან და მათთვის რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსჯიათ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე არ არსებობს ზუსტი და სამართლიანი სასჯელი, რასაც მოწინააღმდეგესთვის განზრახ ტრავმის მიმყენებელი ადამიანები იმსახურებენ.
წამოიდგინეთ, მაგალითად, თქვენი პატარა ბიზნესი გაქვთ და საქმეები კარგად მიგდით. წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით მიაღწიეთ. ამ დროს, თქვენთან მოდის კონკურენტი ფირმის მფლობელი, იღებს იარაღს და ფეხებში გესვრით. რას შვრება ამ დროს პოლიცია?! პოლიცია რასაკვირველია აპატიმრებს ამ საქმის ჩამდენ ადამიანს და სხეულის გაზრახ დაზიანების მუხლით, ციხეშიც აყუდებს. ეს გასაგებია, მაგრამ აბა ახლა ამ ამბავს შეხედეთ... ფეხბურთელისთვის ფულის შოვნის, ოჯახის რჩენის, მომავლის შექმნის და საერთოდ, არსებობისთვის საჭირო ერთადერთი იარაღი ფეხია. საქმე კი ის გახლავთ, ამ ფეხს როგორ გამოიყენებს – მწვანე მინდორზე დაამტკიცებს, რომ მრავლისშემძლეა, თუ მოიქნევს ფეხს და კონკურენტს დააინვალიდებს. ახლა, ყოველგვარი ემოციების გარეშე რომ ვიმსჯელოთ, ხედავთ რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებას მოწინააღმდეგე ფეხბურთელისთვის ფეხის განზრახ მომტეხსა და იარაღმომარჯვებულ კონკურენტ ბიზნესმენს შორის?!
ზემოთ პოლიცია და დამნაშავის დასჯის მეთოდები ვახსენე. ალბათ, სისულელე იქნება ჩემი მხრიდან იმის მტკიცება, რომ მოწინააღდეგესთვის ფეხის მომტეხი ფეხბურთელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. სისულელე იქნება არა იმიტომ, რომ მსგავსი უსინდისობის ჩამდენი ამას არ იმსახურებს. უბრალოდ, ყველაფერი უმარტივესად შეიფუთება “სპორტული შემთხვევის” შირმით და დამნაშავე ფეხბურთელის ადვოკატი სასამართლოზე “დაამტკიცებს”, რომ მის კლიენტს მეტოქისთვის ტრავმის მიყენება ”არ სურდა” და “ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევით მოხდა”. მერე დაიწყება მაგალითების მოყვანა ვან ბასტენიდან მარადონას შემთხვევამდე, ბატისტუტას ტრავმიდან, რონალდოს ტრავმამდე... ფეხბურთში კარგად ჩახედული ადვოკატი მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში დევიდ ბექჰემის ფეხის მოტეხვის ამბავსაც გაიხსენებს და იმასაც დაამატებს, რომ თუკი აქამდე ამ ხალხის გამაუბედურებლები არ დასჯილან სისხლის სამართლის კანონებით, რაღა ჩემი კლიენტი ამოიჩემეთო.
ჰოდა, მიდის ასე ცხოვრება თავისი დინებით... უსინდისო და უნიჭო ფეხბურთელები კვლავ ამტვრევენ დიდ ტალანტებს ფეხებს, ამის დამნახავი მსაჯები კვლავ აფრიალებენ წითელ ბარათებს, მაგრამ გადის ცოტა ხანი და დისკვალიფიკაციამოხდილი “მონსტრები” კვლავ ძველებურად განაგრძობენ თავიანთ საშინელ და სამარცხვინო საქმეს.
არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი. კანონების გამკაცრებას უკუშედეგები რომ მოაქვს, ისიც გვესმის, მაგრამ იმასაც ვხედავთ, როგორ იჩაგრებიან დიდი ფეხბურთელები მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეებს ბურთის ნორმალურად ართმევის უნარი და გონიერება არ გააჩნიათ. იქნებ თქვენ იცოდეთ გამოსავალი?
ლევან სეფისკვერაძე









